რა კავშირი აქვს "ლურჯ ვეშაპს" მოზარდების თვითმკვლელობებთან - მითები და რეალობა მოზარდების თვითმკვლელობების საქმიდან

12:42 03-12-2018
1116

მირიან ბოქოლიშვილი

 

ბოლო პერიოდში მოზარდების თვითმკვლელობების სერიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპზე“, რომელსაც არასრულწლოვნები თითქოს ეტაპობრივად მიჰყავს სუიციდამდე. გასულ კვირას თბილისში ორი გახმაურებული შემთხვევა მოხდა და ორივე სწორედ „ლურჯ ვეშაპთან“ დააკავშირეს: დიღმის მასივში 16 წლის ბიჭი მერვე სართულიდან გადმოხტა, თუმცა, საბედნიეროდ, ის გადარჩა და ამჟამად მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს. თემქაზე კი, ასევე, მერვე სართულიდან 14 წლის გოგონა გადმოხტა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში არასრულწლოვნების თვითმკვლელობის თითქმის ყველა ფაქტს რატომღაც სწორედ „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.  რეალურად არსებობს თუ არა საქართველოში აღნიშნული ინტერნეტთამაში? მიუხედავად საზოგადოებაში, მედიასა და სოცქსელებში ატეხილი აჟიოტაჟისა, ირკვევა, რომ ამ დრომდე მსგავსი მტკიცებულება არსად მოიპოვება. შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ მათ მიერ შესწავლილი არაერთი თვითმკვლელობის საქმიდან არცერთი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.  მიუხედავად ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება თითოეულ შემთხვევაში ყველა ვერსიას განიხილავს.

ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ მართლაც არსებობდა რუსეთში, რომელიც მოზარდებს რამდენიმეეტაპიან დავალებებს აძლევდა და ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ზეწოლით, საბოლოოდ სუიციდამდეც კი მიჰყავდა. თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ამ სახიფათო ონლაინთამაშის შემქმნელი 26 წლის ილია სიდოროვი მოსკოვში დააპატიმრეს. დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ადმინისტრატორი იყო ერთ-ერთი ჯგუფისა, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული. მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 მობილური ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმბარათი ამოიღეს. 

რას ეფუძნება ხმები საქართველოში „ლურჯი ვეშაპის“ არსებობის შესახებ? ირკვევა, რომ ამ ეჭვების რამდენიმე წყარო არსებობს: 1. ოჯახი, რომელსაც ურჩევნია მომხდარი „ლურჯ ვეშაპს“, ან რაიმე სხვა მიზეზს დაუკავშიროს, გარდა საკუთარი პასუხისმგებლობისა. 2. სოციალური ქსელები, სადაც შეგიძლიათ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ნებისმიერი ვერსია გაავრცელოთ და 3. მედია, რომელიც რიგ შემთხვევაში ვალდებულიც კი ხდება, რომ არცერთი ეს ვერსია  ყურადღების მიღმა არ დატოვოს, მით უმეტეს, თუ მომხდარს სენსაციურობისა და სკანდალის ელფერი დაჰკრავს.

რეალურად კი არც დაზარალებულ ოჯახებს, არც საზოგადოებას, არც მედიასა და არც საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებიათ თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც არასრულწლოვნების თვითმკვლელობებთან ინტერნეტთამაშის კავშირს დაადასტურებდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: 

1. „17 წლის მოზარდი, რომელმაც გასულ წელს ხელვაჩაურში თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტთამაშით იყო დაკავებული“, – ეს ინფორმაცია მედიაში გასულ კვირას გავრცელდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, არასრულწლოვანი აცხადებდა, რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. 

„აზარტულად ვიყავი განწყობილი. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო და რა – არა. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, ერთი წლის წინათ, მის მერე აღარ შევხებივარ. ჩემს თანატოლებს იმას ვეტყვი, რომ ამას თუ მართლა თამაშობენ, თავი დაანებონ“, – აცხადებს არასრულწლოვანი.

ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება გასული წლის ბოლოს მიიყენა. ახლობლები მომხდარს იმთავითვე ინტერნეტთამაშს უკავშირებდნენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნული მოზარდი ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაკითხეს, თუმცა ამჯერად მან „ლურჯ ვეშაპთან“ ყოველგვარი კავშირი უარყო და სამართალდამცველებს ვერ მიუთითა, კონკრეტულად ვისგან, სად და რა სახის დავალებებს იღებდა. დაკითხვის დროს მან დაადასტურა, რომ მისი ნათქვამი მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. 

2. დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოხტა. მას „ფეისბუკის“ ქავერზე ვეშაპის ფოტო ჰქონდა დაყენებული. მისი ოჯახისთვის ეს ფაქტი საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სუიციდის მცდელობა საშიში ინტერნეტთამაშისთვის დაეკავშირებინა. აი, რას წერს მისი და სოციალურ ქსელში. 

„ეს არის თამაში „ლურჯი ვეშაპი“ („синий кит“), რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით... ჩემი ძმა გ ა დ ა რ ჩ ა ! სასწაულად, ისიც ისე გადარჩა, რომ გონებაც არ დაუკარგავს და საოპერაციომდე კომუნიკაბელური იყო! დღეიდან ტერმინატორი დავარქვი.

ახლა კი, რაც შეეხება მისი ქავერის ფოტოსა და ადამიანებს, რომლებსაც „გულები“ გაქვთ რეაქციებად! ვეჭვობ, თქვენც ამ ლაბირინთში ხართ დაკარგული და დროა, ვინმემ ხმა ამოიღოს! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ. ჩემი ძმა გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი – ვერ! 

ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტსექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან! იციან მისამართები და მსხვერპლის ოჯახზე ყველა დეტალი! მივმართავ ყველას, დროა, ამ კოშმარზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გადაჭრის გზები მოვიძიოთ და სკოლებში ბავშვებსა და მშობლებს ავუხსნათ, რა საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები, სრულიად უკონტროლო ინტერნეტსივრცეში. ეს ყველას ეხება! დაიბლოკოს საიტები, გაკონტროლდნენ მოზარდები ინტერნეტსივრცეში. კრიმინალი ვირტუალურ სამყაროში გადავიდა და ამაზე რეაგირება დროულად უნდა მოხდეს! კიდევ რამდენი მფრინავი ბავშვია საჭირო, რომ იმოქმედოთ?!

„ლურჯი ვეშაპის“ ადმინისტრატორებსა და შემქმნელებს კი ერთ რამეს ვეტყვი! დღეს მოსწერეს „კიდევ არ გადმომხტარხარო?“ ხოდა, მისმინე, შე ნაბიჭვარო! სიცოცხლის ბოლო წამამდე შენს ძებნაში ვიქნები და გპირდები, მოგაგნებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, დაჩოქილი შემევედრები, რომ რომელიმე სახურავიდან გადაგაფრინო!“ – წერს 16 წლის მოზარდის და სოციალურ ქსელში.

ცნობილია, რომ ამ საქმის გამოძიების პროცესში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლები ჩაერთვნენ. გამოძიებამ 100-ზე მეტი მოზარდი გამოკითხა, თუმცა საშიშ ინტერნეტთამაშთან კავშირს არცერთი მათგანი არ ადასტურებს. არასრულწლოვნის და ამბობს, რომ სუიციდის მცდელობის შემდეგ მისმა ძმამ სოციალურ ქსელში მიიღო შეტყობინება „კიდევ არ გადმომხტარხარ?“, თუმცა გამომძიებლებმა ჯერჯერობით მსგავს შეტყობინებას ვერ მიაკვლიეს. სავარაუდოდ, ამ კითხვას გამომძიებლები თავად მოზარდის დას დაუსვამენ. მას საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე გასულ კვირას ელოდებოდნენ. 

ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი სუიციდის შესახებ ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ საუბრობდა და ამის შესახებ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი პედაგოგიც ფლობს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არც სკოლას მიუნიჭებია. სუიციდის მცდელობის შემდეგ კი ამავე სკოლაში გაფართოებული თათბირი დაინიშნა, სადაც მთავარი თემა „ლურჯი ვეშაპი“ იყო. 

რაც შეეხება ქავერის ფოტოს, „ლურჯ ვეშაპთან“ მისი დაკავშირება ცოტა უცნაურია, ვინაიდან კარგა ხანია ვეშაპის ეს ფოტო ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური ბენდის სიმბოლოდ იქცა და როგორც ჩანს, ზემოხსენებული მოზარდიც ამ ბენდის გულშემატკივარი გახლდათ. ფრანგული როკ-ბენდი Gojira 1996 წელს დაარსდა. მათ ერთ-ერთ სიმღერას ჰქვია Flying whales (მფრინავი ვეშაპები). ასევე, აქვთ სიმღერა From Mars To Sirius, რომლის ქავერად გამოყენებულია ზუსტად იგივე ვეშაპის ფოტო, რომელზეც მოზარდის და საკუთარ განცხადებაში საუბრობს. ასე რომ, Gojira-ს მფრინავ ვეშაპებსა და ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ შორის ერთადერთი კავშირი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ორივეგან ნახსენებია სიტყვა „ვეშაპი“.

3. სოციალურ ქსელებსა და მედიაში „ლურჯ ვეშაპთან“ დააკავშირეს თემქაზე დატრიალებული  ტრაგედიაც. 

„შემთხვევა  ორ მარტს თემქის მეთერთმეტე  მიკრორაიონში მოხდა. 14 წლის გოგო მერვე სართულიდან გადმოხტა და  გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი,  ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპია“. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაშის გამო  სხვადასხვა ქვეყანაში 500-ზე მეტმა მოზარდმა მოიკლა თავი“, – ვკითხულობთ სოცქსელებსა და ინტერნეტსაიტებზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მერვე სართულიდან გადმომხტარი არასრულწლოვნის დახმარება პირველ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა ბესო ჭუმბაძემ სცადა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ბავშვი წამებში გარდაიცვალა. მისი თქმით, გარდაცვლილის ოჯახი მერვე სართულზე ქირით ცხოვრობდა, ცხედარი კი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ვანის რაიონში გადაასვენეს. მეზობლები ვერ ხსნიან, რამ აიძულა 14 წლის ბავშვს მერვე სართულიდან გადმოხტომა. მომხდარზე არ საუბრობს არც გარდაცვლილის ოჯახი, თუმცა ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 14 წლის გოგოს თვითმკვლელობა სწორედ საშიშ ინტერნეტთამაშს უკავშირდება.

„პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა გოგონას შეყვარებული, ასევე, არასრულწლოვანი. ახლობლების გადმოცემით, ამ ფაქტმა ბავშვზე ძალიან იმოქმედა და ბოლო პერიოდში დეპრესიული გახდა. „ამბობდა, რომ იმ ქვეყნად უკეთესი ცხოვრებაა“, – გვიყვება გარდაცვლილი ბავშვის ნათესავი, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გოგონა რაიმე ინტერნეტთამაშის მსხვერპლი გამხდარიყო. 

ფსიქოლოგები სახიფათო ინტერნეტთამაშის არსებობას, ცხადია, არ გამორიცხავენ, თუმცა მეტწილად მშობლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ. როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად მშობლისთვის გაცილებით მარტივია, მომხდარი „ლურჯ ვეშაპს“, ან რაიმე სხვა მიზეზს დაუკავშიროს, ვიდრე აღიაროს, რომ რაღაც გამორჩა... რაღაც, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან მძიმე შედეგი მოიტანა.  ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მშობლებმა ბავშვებთან ცოცხალ ურთიერთობას გაცილებით მეტი დრო უნდა დაუთმონ და სადაც ამ ურთიერთობების დეფიციტია, პრობლემებიც სწორედ იქ ჩნდება. 

ქეთი თავართქილაძე, ფსიქოლოგი:

„ხშირად ჩვენ გვიჭირს ჩვენი წილი პასუხისმგებლობის, თუ ბრალეულობის აღიარება და ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ თვითმკვლელობების რაღაც წილი მართლაც უკავშირდებოდეს „ლურჯ ვეშაპს“, მაგრამ ისეც არ არის, რომ ყველა შემთხვევას ამას მიაწერენ. 

ის, რომ თუნდაც ბავშვი ინტერნეტში რაღაც დავალებებს იღებს და საფეხურებს გადის, თავისთავად ნიშნავს, რომ ამ ბავშვს რაღაც პრობლემები აქვს ოჯახში, რომელიც შეიძლება საგანგაშოც აღმოჩნდეს. რამდენ დროს ატარებს კომპიუტერთან ბავშვი, იმდენად საგანგაშო არ არის, რამდენადაც ის, რას აკეთებს ის ამ კომპიუტერში. შეიძლება მთელი დღე იჯდეს კომპიუტერთან და სულაც სამეცნიერო კუთხით იღებდეს ინფორმაციას, ან პირიქით, შეიძლება ნახევარი საათით იჯდეს და არასასურველი შედეგით დასრულდეს. მშობელი უნდა დაინტერესდეს, რას აკეთებს ბავშვი. და რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია – ცოცხალი ურთიერთობა. გადასარევია ინტერნეტის ეპოქა, მაგრამ მშობელს არ უნდა აწყობდეს, რომ ბავშვი მთელი დღე სახლში იჯდეს კომპიუტერთან მიჯაჭვული. მესმის, რომ დატვირთულია ჩვენი ცხოვრება, ბევრი საქმე აქვთ მშობლებს, მაგრამ, ალბათ, საჭიროა რაღაც ღირებულებები გადავაფასოთ და დრო გამოვნახოთ შვილისთვის. ყველაფერი, რასაც მშობელი ყოველდღიურ რუტინაში აკეთებს, არის შვილისთვის, მაგრამ გამოდის, რომ შვილთან კავშირი აღარ აქვს და ამ ყველაფერს აკეთებს „ვირტუალური შვილისთვის“, აკეთებს ყველაფერს, რაც ევალება, მაგრამ რეალური ურთიერთობისთვის დროს ვერ ნახულობს. ერთმანეთთან დროის გატარება, საუბრები, რაღაცის მოყოლა და გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ბავშვი ოჯახში შევსებულია ამ ემოციური ურთიერთობით, ის თუნდაც ვირტუალურ სივრცეში აღარ დაიკარგება და სხვას არ მოძებნის ავტორიტეტად, რომელიც მისცემს რაღაც დავალებებს. ამ დავალებების მიმცემი იქნება მშობელი, რომელიც მხოლოდ სასიკეთო დავალებებს მისცემს და არა სავალალოს. მშობელმა შვილთან ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბოს ისე, რომ ორივესთვის იყოს საინტერესო და სასიამოვნოც“, – ამბობს ფსიქოლოგი.