რას ჰყვებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები? - სკანდალური ამბები და კვლევის საგანგაშო შედეგები

12:26 03-12-2018
714

 მიხეილ ჯანგიშერაშვილი

საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს გამოუცდია ფიზიკური, სექსუალური, ან ემოციური ძალადობა მეუღლის, თუ პარტნიორის მხრიდან. ასეთია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს.

ქალების 9%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა ბავშვობაში, 20% კი გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

ახალი კვლევის შედეგები მედიას ანგარიშის პრეზენტაციაზე წარედგინა, რომელიც 6 მარტს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის გავრცელებისა და შედეგების, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და აღქმების შესახებ. პირველად საქართველოში, კვლევამ, ასევე, შეისწავლა სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელების საკითხები ეროვნული მასშტაბით.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას ჰყვებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომელთა საქმეები ზემოხსენებულ ანგარიშში მოხვდა. მანამდე კი მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ყველა თავისი ფორმითა და გამოვლინებით, ნებისმიერ სფეროში, წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დარღვევას. ქალთა მიმართ ძალადობა ეხება ქალებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათი ასაკის, სოციალური კლასის რასისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 15 წლის ასაკისა და უფროსი ქალების 30%-ს სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან. ქალთა მიმართ ძალადობა წარმოადგენს ქალთა მკვლელობების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს და ახდენს სხვაგვარ უმძიმეს გავლენას ქალთა ჯანმრთელობაზე. ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური შედეგები მასშტაბურია და გლობალურად, სამეცნიერო მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ ძალადობა საგრძნობლად აფერხებს განვითარების მცდელობებს სხვადასხვა დონეზე, ხელს უწყობს რა ფიზიკური, ადამიანური და სოციალური კაპიტალის გაუფასურებას.

საქართველოში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა გავრცელებული ფენომენია. კვლევის სამიზნე ერთობლიობას წარმოადგენდა კერძო შინა მეურნეობებში მცხოვრები 15-64 წლის ქალები და კაცები. მთლიანობაში კითხვარი შეავსო 6006-მა ქალმა და 1601-მა კაცმა. კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად მისაღებ ფენომენად რჩება საქართველოში: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია,რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი და კაცების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

და აი, რას ყვებიან ძალადობის მსხვერპლები:

„ძალიან მძიმე პირობებში ვიყავი. მცემდნენ. აგრეთვე, ქმარი მაუპატიურებდა ორსულობის დროს, რის შედეგადაც დამეწყო სისხლდენა და ექიმებმა იეჭვეს (ძალადობის შესახებ), ვინაიდან ასეთი სიმპტომები არ იყო ნორმალური“.

„მან გამორთო დენი, გაზი და წყალი, რადგან ის იხდიდა გადასახადებს. მეუბნებოდა, რომ შეეძლო, შეეწყვიტა გადახდა, როცა მოესურვებოდა. ამბობდა, „შენ ჩემზე ხარ დამოკიდებული. მე გამოვიმუშავებ ფულს. შენ არარაობა ხარ ჩემ გარეშე“.

„ჩემი ქმარი წინააღმდეგი იყო, იმაზე მეტი დრო გამეტარებინა, მაგალითად, პარკში ჩემს ძაღლთან ან მეგობრებთან ერთად, ვიდრე ნებას დამრთავდა. ის ზედმიწევნით მკაცრად ზღუდავდა ჩემს კონტაქტს გარე სამყაროსთან, ისევე, როგორც მიზღუდავდა სოციალურ ქსელებს (გამოყენებას) და ჩემს ნათესავებთან ტელეფონით საუბარს. ის ხშირად იღებდა ჩემს ტელეფონს და მიმალავდა“.

„ვფიქრობდი, რომ ოჯახის მთლიანობა უნდა შემენარჩუნებინა. ჩემი პირველი ქორწინება დაინგრა, ახლა კიდევ მეორე... ვიფიქრე, თუ მეორედაც გავქორწინდებოდი, ხალხი ჩემს პატიოსნებაში შეიტანდა ეჭვს. მე ბავშვების გამოც ვცდილობდი. მათ მამა ისევე სჭირდებათ, როგორც დედა“.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ქალების დაახლოებით 14%-მა ვისაც ოდესმე ჰყოლია მეუღლე/პარტნიორი, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა. ქალთა თითქმის 10%-ს გამოუცდია რაიმე სახის ეკონომიკური ძალადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან.

იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15,000 ქალს უდრის.

მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. იმ ქალების 64%-მა, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების ცხოვრებაში მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ძალადობა ხშირი მოვლენაა. კერძოდ, 15-64 წლის ასაკის 7-დან ერთ ქალს სიცოცხლის მანძილზე გამოუცდია ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა. აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა და იძულება ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია საქართველოში.

რაც შეეხება ბავშვობაში განცდილ ძალადობას, ჯამში, ქალთა 14%-მა განაცხადა, რომ განუცდიათ ბავშვთა მიმართ ძალადობის რაიმე ფორმა. ქალების მიერ ბავშვობაში განცდილი ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად დასახელდა ფიზიკური ძალადობა, რომელსაც მოსდევს ფსიქოლოგიური ძალადობა და უგულებელყოფა (5%). ქალთა 9%-მა განაცხადა, რომ ბავშვობაში განუცდია სექსუალური ძალადობა.

კვლევა საქართველოში არსებულ მანკიერ სტერეოტიპსაც მიმოიხილავს. მაგალითად,  გამოკითხულთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ადამიანები ერთმანეთს უმიზეზოდ არ სცემენ.

„სცემდით ვინმეს უმიზეზოდ?! მისცემდით ვინმეს საშუალებას, ეცემეთ განზრახ?!“ – ამ კითხვაზე სასოფლო ფოკუს ჯგუფის მონაწილე მამაკაცი პასუხობს: „არავინ სცემს ვინმეს უმიზეზოდ; სხვა შემთხვევაში, ის გიჟია: საბოლოოდ კი, თუ მეზობელი სცემს თავის ცოლს, ე.ი. ამ კაცის გადმოსახედიდან – ცოლი ამას იმსახურებდა“. 

კაცების 22%-ისა და ქალების 14%-ის აზრით, თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

დამოკიდებულებების კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ გავრცელებულია უთანასწორო გენდერული ნორმები. მაგალითად, რესპონდენტების დიდი პროცენტი დარწმუნებულია, რომ ქალების მთავარი როლი ოჯახის მოვლაა და თუ ქალი კაცს საპასუხო ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევს სექსუალური ძალადობისას, მაშინ ეს ფაქტი გაუპატიურებად არ ითვლება. ბევრი კაცი და ქალი თანხმდება, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა მათი საქმეა,რომელშიც არავინ უნდა ჩაერიოს. უფრო, მეტიც ქალებისა და კაცების თითქმის ერთი მესამედი ქმრის მიერ ცოლზე ძალადობის, სულ მცირე, ერთ საბაბს მაინც ამართლებს, რაც საქართველოში ძალადობისადმი მაღალი შემწყნარებლობის მაჩვენებელია.

იმ ქალებს შორის, რომლებსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განუცდიათ, თითქმის ნახევარს (46%), სულ მცირე, ერთი ღამით დაუტოვებია სახლი ძალადობის გამო. იმ ქალებს შორის, რომლებიც, სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, მაინც რჩებიან, სამიდან ერთი (38%) ამ გადაწყვეტილებას ქორწინების სიწმინდის გამო იღებს. აგრეთვე, ქალებს არ სურთ ბავშვების დატოვება (17%) ან ფიქრობენ, რომ ამით ოჯახს შეარცხვენენ და ეს არ სურთ (16%).

2017 წლის ძალადობის ეროვნული კვლევა 2009 წლის შემდეგ პირველი კვლევაა, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებას ზომავს და ქალების ჯანმრთელობაზე მისი შედეგების გავლენას აფასებს. ამ კომპლექსური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალები ინტიმური პარტნიორი კაცების მხრიდან უდიდესი ძალადობის რისკის ქვეშ არიან. ქალები ძალადობას არაპარტნიორების მხრიდანაც განიცდიან, განსაკუთრებით კი სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებას. 

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ როგორც ქალებს, ისე კაცებს მაღალი მიმღებლობა აქვთ ურთიერთობაში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ, ასევე, არ უყურებენ თანასწორობის პრიზმიდან სქესობრივ კავშირსა და სექსუალურ ძალადობას. ის ფაქტი, რომ ძალადობა როგორც კაცების, ისე ქალების მხრიდან გამართლებულად მიიჩნევა, ძალადობის ფართო სოც-კულტურულ გავრცელებასა და გენდერულ უთანასწორობაზე მიუთითებს.