"ღამე" ნამეტანი ხანგძლივი პერიოდია დასამენეჯმენტებლად - ზურაბ ჯაფარიძე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტზე

16:58 03-07-2018
84

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დედაქალაქის მერიის დღევანდელ სიახლეს - ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელად, სერგი გვარჯალაძის დანიშვნას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

"ღამე" ნამეტანი ხანგძლივი პერიოდია დასამენეჯმენტებლად. ჩასაშლელია კიდევ. "სისხამ დილის" ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი, "მწუხრის" ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი, "დაბინდების" ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი, "შუაღამის" ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი, "ალიონის" ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი, და ა.შ. შეიძლება პატარა გადაფარვები ჰქონდეთ საათებში, მაგრამ ღირს მაინც.

პ.ს. ბუნიობიდან ბუნიობამდე, როცა ღამე გრძელია, პრემიებიც ეკუთვნით, თორემ Irakli Petriashvili დებატებს მოითხოვს", - წერს ჯაფარიძე. 

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. 

კალაძის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ღამის ეკონონიკის განვითარებას არამხოლოდ ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებში, სადაც დღეს აქტიურობა ნაკლებად შეინიშნება. 

კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. 

კახი კალაძის თქმით, ეს მიმართულება მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მუშაობა ამ კუთხით აქტიურად დაიწყება. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე