„ჩემი იმედი ხარ-მეთქი, ვეუბნები და იცინის მაგ სიტყვაზე“ - exclusive

11:49 03-06-2018
807

ოთო ნემსაძემ და სოფო მეძმარიაშვილმა ერთმანეთი ორჯერ გაიცნეს. შეყვარებული წყვილის ურთიერთობა უკვე ორ წელზე მეტს ითვლის. მათთან ინტერვიუ რესტორან „სევსამორაში“ ჩავწერეთ.

– როგორც ვიცი, ორჯერ გაიცანით ერთმანეთი, რომელი მომიყვებით ამ ამბავს?

ოთო:

– სოფო პირველად თეატრში გავიცანი, მაგრამ მე არ მახსოვდა ეს ამბავი. მგონი, არც სოფოს ახსოვდა. რაღას სპექტაკლში თამაშობდა სოფო და მე უნდა მემღერა ამ სპექტაკლში. საბოლოოდ ვერ ვიმღერე, ვერ მივუსწარი და ძალიან ვნანობ, რომ ვერ ვიმღერე, თორემ ხომ დავამახსოვრებდი თავს (იცინიან).

სოფო:

–  მე მახსოვს მაინც ოთო იმ დღიდან. იმიტომ, რომ ოთო უკვე ცნობილი იყო, მე მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და ტელეეკრანიდან უკვე ვიცნობდი. წლების მერე რომ თავიდან გავიცანი, აღვიდგინე, რომ ეს ის ოთო იყო, სპექტაკლში რომ უნდა დაგვხმარებოდა. 

– სოფო, ვიცი, რომ შენც კარგად მღერი...

– კი, მუსიკისა და დრამის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. 

– როგორ დაიწყო შენი სამსახიობო კარიერა?

– 15 წლის ასაკში რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილთან დაიწყო ჩემი კარიერა, როცა მოზარდების თეატრ „თეატრალში“ მივედი. ამ ადამიანისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ათონელის თეატრში ვთამაშობდით სპექტაკლებს. მერე ამ თეატრიდან წავედი გასტროლებზე საფრანგეთში, საბერძნეთში. შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ახლა ვარ ჩემს უსაყვარლეს რეჟისორთან, ბატონ სანდრო მრევლიშვილთან თეატრ „რუსთაველის 19“-ში, რომელიც ზუსტად ამ მისამართზეა. 

– ახლა რა სპექტაკლზე მუშაობთ?

– ერთი ცნობილი რეჟისორი აპირებს სპექტაკლის დადგმას ჩვენთან, მაგრამ ჯერჯერობით ამას სიურპრიზად დავტოვებ.

– ვიცი, რომ ოთოსაც საინტერესო სიახლეები აქვს ჩვენთვის მოსაყოლი. 

ოთო:

– ახალ ალბომზე ვმუშაობ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ჩემთვის. ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა საქართველოში არასდროს ყოფილა კომერციაზე გათვლილი და ახლაც ასეა. გათვლა მაქვს იმ მუსიკაზე, რომელიც უნდა დარჩეს. დიდი იმედი მაქვს, რომ მიიღებს ხალხი ამ მუსიკას, ისე, რომ მერე ბევრმა წელმა გაუძლოს. ახალ ალბომში იქნება ცოცხალი მუსიკა ჩემს ჯგუფთან ერთად, „ლიმბო“. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მუსიკოსები მყავს საქართველოში და არამარტო საქართველოში. ბატონი ზაზა ქოქრაშვილისაა ძირითადი სიმღერები, რამდენიმე სიმღერა ზურა მოსიავასი და რამდენიმე ჩემი პირადი რეპერტუარიდან. იქნება სულ ახალი ქართული სიმღერები, ფოლკლორის ჟანრის მიმართულებაც. გპირდებით, რომ ერთ ადგილას არ გავჩერდებით.

– ოთო, შენ როგორ გგონია, რომელი სიმღერა იყო ტრამპლინი, რომელი სიმღერით უფრო შეგიყვარა ხალხმა?

– „ფიქრების ზღვა“, რომელმაც ყველა ჯეკპოტი მოხსნა ჩემ გარშემო. ძალიან ბევრი ნახვა აქვს ინტერნეტში, ყველას მოსწონს და ყველა მღერის. ეს ძალიან მახარებს. მაგრამ იყო სხვა ქავერებიც, რომლებმაც დიდი წარმატება მომიტანა.

– სოფო, შენ რომელი სიმღერა გიყვარს ოთოს შესრულებით?

– „კოცნით ამოგიშრობ“.

ოთო:

– ეგ ერთადერთი სიმღერაა, რომელიც ჩემი ნამღერი მომწონს.

– ასეთი თვითკრიტიკული ხარ საკუთარი ნამღერის მიმართ?

– ასეც უნდა იყოს, თუ გაზრდა გინდა... რამდენიმე პლუსი მაქვს და ერთ-ერთი ესაა, თვითკრიტიკულობა. 

– დანარჩენებიც გვითხარი.

– ერთი ისაა, რომ ქართველი ვარ და თან გორელი (იღიმება), არასდროს ვიტყუები სცენაზე. კიდევ მექნება რამე, უბრალოდ, ახლა არ მახსენდება (იცინიან).

– ვიცი, რომ კრეატიულები ხართ ორივე სიურპრიზების გაკეთებაში. სოფო, ჩემს მაყურებელს მოუყვები სვირინგის ამბავს?

სოფო:

– (იცინიან) ეს ძალიან სასაცილო ამბავი იყო. ბათუმში ვიყავი, ოთოს კონცერტები ჰქონდა და ვერ ვიყავით ერთად. ძალიან მომენატრა, ზურგზე დროებითი ტატუ გავიკეთე, დავიწერე „მიყვარხარ“, ოღონდ ჩვენს ენაზე „მიფარფარ“, ფოტო გადავიღე და დავუდე ოთოს ფეისბუკზე. ცოტა ხანში კომენტარებში გაჩნდა ოთოს ფოტო. მხარზე პასტით მიჯღაბნილი სოფო და გული. ძალიან ბევრი ვიცინეთ ყველამ ამ ფოტოზე. ზოგს ეგონა, რომ მუდმივი სვირინგი გავიკეთე.

– თქვენი ენა გაქვთ?

– ჰო, უცნაური სახელებიც გვქვია.

– სოფო, შენც ძალიან კრეატიული სიურპრიზებით გამოირჩევი...

– ბოლოს გულსაბნევი ვაჩუქე, თავისავე გამოსახულებით, ისევ გულზე უბნევია, აი, ეს არის ოთო ნახტომში (იცინიან). ჩემი სულ პირველი საჩუქარიც ორიგინალური იყო. ერთ-ერთ კომპანიას ოთო ნემსაძის სახელობის კონიაკი ჩამოვასხმევინე.

– ინახება თუ გამოცალა უკვე?

ოთო:

– ცოტა დავლიე. ცოტა არა, ბევრი დავლიე, ცოტა დამრჩა.

– ოთო, ალკოჰოლი გჭირდება სცენაზე გასასვლელად?

– ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება არაფხიზელ მდგომარეობასთან უარყოფითია. იშვიათად ვსვამ და თუ ვსვამ, ცოტას. ნეგატიურად ვარ განწყობილი ნარკოტიკული საშუალებების მიმართ. მე არ მჭირდება სცენაზე გასასვლელად დოპინგი. ფხიზელ და ჯანმრთელ ცხოვრებას არაფერი ჯობია. 

– ოთო, სოფოსთან დუეტის ჩაწერაზე არ გიფიქრია?

– ჩემს ახალ ალბომში იქნება ჩვენი დუეტი. ეს ერთადერთი დუეტია ამ ალბომში და ერთადერთი წყნარი სიმღერა.

– 25 მარტს ნიუ-იორკში გაქვს კონცერტი...

ოთო:

– სოფომ მოაგვარა ეგ ამბავი. ჩემი პროდიუსერია, ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ამბებში, ისევე, როგორც ჩემი ძმა. 17 მარტს მივფრინავთ ჩემი ოცნების ქალაქში. ზოგადად, არ შემიძლია ეს მოლაპარაკებები. მჭირდებოდა პროდიუსერი და ვეძებდი. ერთად ვიპოვე სიყვარულიც და ფულიც (იცინიან).

– სოფო, პროდიუსერის სიტყვა კანონია ოთოსთვის?

სოფო:

– პროდიუსერის სიტყვა კი, მაგრამ შეყვარებულის, რა გითხრათ (იცინის). აქ რთულად არის საქმე.

– როგორი მამაკაცის ტიპს მიეკუთვნება ოთო?

– ძლიერი. მთელი ცხოვრება რომ დაეყრდნობი და მშვიდად იქნები. რომ წაიქცე, წამოგაყენებს. ჩემი იმედი ხარ-მეთქი, ვეუბნები და დამცინის მაგ სიტყვაზე. აი, ახლა ბოლოჯერ ვეუბნები, მეტს აღარ ვეტყვი (იცინიან).

– ოთო, არის რამე, რაც არ მოგწონს სოფოში?

– პესიმისტია. სულ ამაზე ვკამათობთ. მე ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ ჯერა.

სოფო:

– დავიღალე რაა, 15 წლიდან სცენაზე ვდგავარ. რეპეტიცია არ გამიცდენია, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს პროფესიაში რაღაცას მივაღწიო და რას ვიღებ სანაცვლოდ. კულისებში ზიხარ ჩაცმული და მაყურებელი არ მოდის. ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს. ბოლო ერთი წელია, მაყურებელი შემოგვეჩვია და ეს მაიმედებს. ახალი მსახიობები ვართ და ამის ბრალია, ალბათ. როგორც ოთო იტყვის, ყველაფერი კარგად იქნება.

– გეგმავთ ურთიერთობის გაოფიციალურებას თუ ჯერ სხვა გეგმები გაქვთ?

ოთო:

– ასეთ რაღაცებს, ჩემი აზრით, რობოტები გეგმავენ. ჩვენ არ ვართ რობოტები. კარგად ვართ, ბედნიერები ვართ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

– სახლის დალაგება იცის სოფომ?

– სოფოს დავალაგებინებ სახლს?! მე დავალაგებ (იცინიან)! საჭმელების გაკეთება იცის, გამოსდის. სუში გვიყვარს ორივეს და დავიქეცით ამასობაში. ისეთი ძვირია, გორის სახლი ჩავდე ბანკში, რომ გვეჭამა (იცინიან).

– წარმატებები და მადლობა ინტერვიუსთვის.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი