კახა კალაძის 100 დღე - ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის მერთან

12:13 03-05-2018
84

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

გეგმები – გრანდიოზული, რეფორმები – მნიშვნელოვანი, ვადა – სულ 4 წელი. 1460 დღიდან უკვე 100 დღეა, რაც თბილისის არჩეული მერია. კახა კალაძემ კი თბილისელებს პირველი ანგარიში ჩააბარა. ინიციატივა საინტერესოა, თბილისელები კალაძის მიმართ უფრო მეტი სიმპათიით არიან განწყობილი, ის არ აღიზიანებთ და დიდი მოლოდინებიც აქვთ. 

რას იტყვის უკვე გაკეთებულზე, გუნდზე, გეგმებსა და პრობლემებზე. კახა კალაძემ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

– პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენები ქალაქსა და ქალაქის პრობლემებზე მას შემდეგ, რაც მერის კაბინეტი დაიკავეთ და პრაქტიკულ საქმიანობას შეუდექით? გააკეთეთ ისეთი „აღმოჩენები“, რომელსაც არ ელოდით?

– სიმართლე გითხრათ, წინასაარჩევნო პერიოდში, მას შემდეგ, რაც კანდიდატად წარმადგინეს, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების სიღრმისეული ანალიზი გაგვეკეთებინა და მათი გადაწყვეტის გზები შეგვემუშავებინა. ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ „მოულოდნელი სიურპრიზები“ დამხვდა. თუმცა, თითოეული მიმართულებით არის ისეთი პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ზოგ შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე სჭირდება ცვლილებები. ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებული და თითოეული პრობლემის საფუძვლიანად და არა ფასადურად მოგვარებაზე ვმუშაობთ. 

– რამდენად კრეატიული და თანამედროვე ხედვების მქონე გუნდი გყავთ? ეს ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც თქვენ ქალაქის წინაშე მდგომ გამოწვევებს უპასუხებთ? რა მოთხოვნებს უყენებთ მათ და გაქვთ თუ არა დაწესებული ასაკზე რაიმე ცენზი? 

– ასაკობრივი ცენზი არ მაქვს. ერთადერთი პირობა პროფესიონალიზმი და პატიოსნებაა. არსებულ გამოწვევებს და იმ მასშტაბური მიზნების განხორციელებას, რაც დავისახეთ, სჭირდება კომპეტენტური, ენერგიული და თანამედროვე ხედვების მქონე გუნდი. სწორედ ასეთი ადამიანები მუშაობენ დღეს ჩემ გვერდით.  

– მერიაში ატესტაციის ჩატარება დააანონსეთ. ბოლოს ატესტაცია 2014 წელს ჩატარდა და ის გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. მაშინ რეგისტრირებული 563 აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი 112-მა გადალახა. რატომ გახდა საჭირო ატესტაციის ჩატარება ახლა? როგორია თქვენი მოლოდინები – რა შედეგებზე გინდათ გასვლა? 

ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დავით ნარმანიას დროს ატესტაციას დიდი ხმაური მოჰყვა: პოლიტიკური ნიშნით ხდება თანამშრომლების სამსახურიდან გაყრაო. სხვათა შორის, დავით ნარმანიამ მაშინ არაერთხელ განაცხადა, რომ ნაციონალების კადრები მერიაში გარკვეულ დესტრუქციას ქმნიან. თქვენ გაქვთ მსგავსი პრობლემა თუ სისტემა ამ ელემენტებისგან გაწმენდილი დაგხვდათ?

– პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ჩემი თვითმიზანი არ არის ვინმეს სახლში გაშვება. ჩვენი მიზანია, სამსახურები იყოს მოქნილი, სერვისებსა და ადამიანებზე ორიენტირებული. ეს კი დამოკიდებულია ამ სამსახურებში მომუშავე სპეციალისტებზე. თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, არის პროფესიონალი და კვალიფიციური, არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ ის სამსახურიდან წავიდეს. პირიქით, პირველ რიგში, ასეთი ადამიანების შენარჩუნება გვსურს, რომ მათ არ გაუჩნდეთ სხვაგან დასაქმების სურვილი. თქვენ იცით, რომ ახლახან შევქმენით ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომლის დაკომპლექტებასაც ვიწყებთ. რამდენიმე დღის წინ მივმართე ყველა დაინტერესებულ პროფესიონალს, რომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. ეს პროცესი ღიაა და მინდა, რომ ყველა კომპეტენტური ადამიანი შემოგვიერთდეს, ვისაც სურს, გვერდით დაგვიდგეს ქალაქის მშენებლობასა და განვითარებაში. სწორედ ამ პრინციპით ვაპირებთ სხვა სამსახურებშიც კონკურსების გამოცხადებას.

– სხვათა შორის, ნაციონალებზე თქვენც თქვით, რომ ისინი დესტრუქციულები არიან და მათთან არ ითანამშრომლებთ, „ევროპულ საქართველოსგან“ განსხვავებით. თქვენს შემთხვევაში მათი დესტრუქცია რაში გამოიხატება? 

– ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მარგინალ პოლიტიკოსებზე საუბარს არ ვაპირებ. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი – უკანა პლანზე გადასწიონ ის ინიციატივები და პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს მერია გულგრილია თბილისის მოსახლეობის პრობლემების მიმართ. მე წარვადგინე 100 დღის ანგარიში და თქვენც ნახავდით, რამდენი რამ შევძელით ამ ხნის განმავლობაში და ვართ თუ არა ორიენტირებული მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც კონსტრუქციულ რეჟიმში გეგმავს ჩვენთან დიალოგს. სხვა შემთხვევაში, არ ვაპირებ, ის დრო, რომელიც დედაქალაქის პრობლემების გადაწყვეტას უნდა მოვახმარო, დესტრუქციულ ძალებთან კამათში ან მათ შესახებ საუბარში დავხარჯო. 

– რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ახერხებთ „ქართული ოცნებიდან“ დისტანცირებას თუ ამის აუცილებლობას ვერ ხედავთ? პარტიულობა საერთოდ მერისთვის მომგებიანია თუ არც იმდენად? როგორია თქვენი პირადი გამოცდილება ამ მიმართულებით? 

– არ აქვს მნიშვნელობა, ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოვადგენ თუ ადგილობრივს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რა პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენ, როგორია ამ ძალის პოლიტიკური კულტურა და საქმიანობის პრინციპები. სწორედ ამ ღირებულებების გამო, მე ვიყავი და ვრჩები მმართველი პარტიის გენერალურ მდივნად. მერის პოსტზე მე მქონდა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, რომ გაზრდილიყო დედაქალაქის ბიუჯეტი და პირველივე წელს დაგვეწყო მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება, რაც ვფიქრობ, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთი გუნდს წარმოვადგენთ. 

– ქალაქის პრობლემებს რომ მივუბრუნდეთ, რა არის ის მთავარი საფუძველი, რაზეც დედაქალაქის განვითარება უნდა აიგოს, რით შეიძლება მსხვილი ინვესტორები დააინტერესოთ? 

– თბილისის მერია შეურთდა ევროკავშირის ინიციატივას – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის ფარგლებშიც დავიწყეთ ქალაქის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება. გვსურს, რომ დედაქალაქის პოტენციალი უბნების მიხედვით შევისწავლოთ, რათა არა მხოლოდ თბილისის ცენტრალური უბნები, არამედ ათივე რაიონი თანაბრად განვითარდეს. პარალელურად ვმუშაობთ საინვესტიციო პორტფელზეც, რომელსაც ინვესტორებს  შევთავაზებთ. ძირითადად ესაა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. 

ახლა მნიშვნელოვანია, დაინერგოს ინვესტორზე ორიენტირებული მუნიციპალური სერვისები და ზოგადად, ბიზნესთან თანამშრომლობის სწორი მოდელი ჩამოყალიბდეს. 

ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი ძირითადი მიმართულებაა დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება. იცით, რომ დავიწყეთ ისტორიული არეალების რეაბილიტაცია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ პროცესს  ბოლომდე მივიყვანთ. ეს გაზრდის ისტორიული უბნების საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია. 

გარდა საინვესტიციო პროექტებისა და ტურიზმის განვითარებისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამისთვის გამგეობებში უკვე შევქმენით ახალი მიმართულება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების გაძლიერებასა და ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მოვიპოვეთ ევროკავშირის ნახევარ მილიონიანი გრანტი, რომელიც მოხმარდება ბიზნესაქსელერატორის შექმნას და განვითარებაში დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს. 

– თქვენ დიდი მოლოდინები შექმენით, ხალხს აქვს რწმენა, რომ თქვენ დაიწყებთ პრობლემების გადაჭრას. მიწისქვეშა გადასასვლელები, რა შედარებაა, მართლაც უსაფრთხო გახდა და უკვე აქტიურად ვიყენებ, ადრე დიდ წრეს ვარტყამდი და შუქნიშნებით ვსარგებლობდი. მაგრამ რა იქნება კიდევ? თქვენ საინტერესო პროგრამა გქონდათ ხრუშჩოვკების დანგრევის, ღამის ეკონომიკის ამუშავებისა თუ პარკირების მიმართულებით. რას იტყვით მასშტაბურ პროექტებზე?

– დიახ, ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, მათ შორის თქვენ მიერ დასახელებულ საკითხებზეც. მოგეხსენებათ, ეს არაა ორი და სამი თვის საქმე და საჭიროა სწორი, თანმიმდევრული გეგმის შემუშავება. ღამის ეკონომიკის განვითარება იმ დიდი ეკონომიკური კონცეფციის ნაწილია, რომელიც უნდა განვახორციელოთ. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, ჩვენ უკვე გავაცანით საზოგადოებას პარკირების მიმართულებით დაგეგმილი რიგი სიახლეები და ახლო მომავალში ამ კუთხით კიდევ უფრო მეტ ცვლილებას ვგეგმავთ. ასევე, ფრთხილი მიდგომა გვაქვს „ხრუშჩოვკებთან“ მიმართებაში. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მოსახლეობისა და ინვესტორის შეთანხმების საგანი. მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებას.  

– რიგი პრობლემების მოგვარებას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა ან არაპოპულარული რეფორმების გატარება დასჭირდება, მზად ხართ ამისთვის? პოლიტიკოსებს ხშირად ეშინიათ რეიტინგის დაცემის, თქვენ მოახერხებთ, მოსახლეობას სწორად აუხსნათ მტკივნეული რეფორმის საჭიროება, ისე რომ ამ პროცესში არ დაზარალდეთ? 

– მოდით, უკვე გაკეთებული შევაფასოთ. ჩვენ გავამკაცრეთ რიგ სფეროებში რეგულაციები, გადავხედეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, ნარჩენების გატანის საკითხს, დაგეგმილია ტაქსების რეგისტრაცია. ეს ყველაფერი შეიძლება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის არაკომფორტული ჩანდეს, მაგრამ სხვაგვარად ეს მიმართულებები არ დალაგდება. მე მზად ვარ ამისთვის და ჩემი გუნდი მოწოდებულია, იყოს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად განმარტოს საზოგადოებისთვის ბუნდოვანი საკითხები და გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია საზოგადოების ყველა ჯგუფთან. 

– ის, რაც ვარკეთილის მეტროში მოხდა, არ გიჩენთ იმის განცდას, რომ გარეგნულად მოწესრიგებული ფასადების მიღმა სერიოზული ნაღმებია? ან ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრები არ გიჩენთ უცნაური ეჭვების საფუძველს? რა იცით ამ ინციდენტებზე? რა ხდება ქალაქში? ამ კითხვას უკვე ბევრი სვამს. 

– არ მგონია, ამ ყველაფერზე უცნაური შეთქმულებების თეორიებით უნდა ვიმსჯელოთ. საკითხს უნდა მივუდგეთ ძალიან მკაცრად და საქმიანად – ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხზე და ეს ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოებში არ მოვაქციეთ, სხვა შემთხვევებშიც შეიძლება იგივე შედეგები მივიღოთ. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ყველა მიმდინარე მუნიციპალური პროექტის შემოწმება, შევქმენით კონტროლის მექანიზმი და, ზოგადად, გავამკაცრეთ რეგულაციები უსაფრთხოების წესებისა და სამშენებლო ნორმების დაცვაზე. 

– ხანძრებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენად ჩაერთვება მერია დაზარალებულების ინტერესების დაცვაში? როგორია თქვენი ხედვა? რა შეიძლება გაკეთდეს ან ამ მიმართულებით რა საკანონმდებლო ხარვეზებს ხედავთ? ხომ არ უნდა წავიდეთ სავალდებულო დაზღვევის გზით? 

– ჩვენ ერთგვარი მედიატორის როლი შევასრულეთ ამ პროცესში. შევძელით, რომ ორივე მხარე დაგვესვა მოლაპარაკებების მაგიდასთან და როგორც ადმინისტრაციას, ისე მოიჯარეებს გაეთვალისწინებინათ ერთმანეთის მდგომარეობა. ადმინისტრაცია მზადაა, ამ ადამიანებს ალტერნატიული ფართები შესთავაზოს, ხოლო სავაჭრო ცენტრის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სახელმწიფო კიდევ უფრო ყურადღებით მოეკიდება ამ საკითხს და დასრულებული პროექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, ზედამხედველობის სამსახური აუცილებლად შეისწავლის მის შესაბამისობას სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმებთან. 

– რა მთავარ სამ პრობლემაზე მუშაობს ახლა მერია? მოსახლეობას პარკირების პრობლემა აქვს, საცობების და უკანონო მშენებლობები აწუხებს. ბეტონის კედლები ქალაქს უკვე სუნთქვის საშუალებასაც აღარ აძლევს. ემთხვევა თქვენი დღის წესრიგი თბილისელების პრობლემებს? არის ეს ის მიმართულებები, რომლებიც მერიისთვის პრიორიტეტულია?

– პირველი – პარკირების პრობლემა. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა კერძო სექტორისთვის, ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კვლევის შედეგი, რამდენად შესაძლებელია, ამ არეალზე მოეწყოს ეს სივრცე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ მისი მშენებლობის საკითხს. რა თქმა უნდა, მშენებლობის ყოველ ეტაპზე შემოწმდება ეს პროექტი. ასეთი კიდევ 9 არეალია შერჩეული დედაქალაქში და ეტაპობრივად ყველგან მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მეორე – საცობები. ეს უფრო რთული პრობლემაა, რადგან ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის დედაქალაქში ასეა და ადვილი არაა მისი დაძლევა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, განვტვირთოთ მოძრაობა სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების გადაადგილების რეჟიმების შემოღებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, „ბასლაინების“ მოწყობით, სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ მოსაცდელებთან გაჩერებით, ნაგავმზიდი ავტომანქანების ღამის საათებში მოძრაობით და ა.შ. ამას ემატება ქალაქში კრიტიკული წერტილების დადგენა და ამის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის, ახალი გზაგამტარებისა და გზების მოწყობა, ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებების შეცვლა და ა.შ. ეს მთლიანობაში იმუშავებს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა მეტად განიტვირთოს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება თვითონ მოსახლეობაზეცაა დამოკიდებული. მე მესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის, თუმცა, როცა ამას შევძლებთ, იმედი მაქვს, მოსახლეობაც მიანიჭებს პრიორიტეტს ავტობუსსა და მეტროს.  

რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, ეს მართლაც დაუძლეველ პრობლემად გვექცა, რადგან ძალიან ბევრი ნებართვაა გაცემული თავის დროზე. ჩვენ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, ეს იყო ზონალური საბჭოს გაუქმება, რომელიც ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. პირადად მე შემიძლია, გარანტია მივცე მოსახლეობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა აქამდე რაც გაფუჭდა, ამის გამოსწორება ადვილი არაა. 

– დაბოლოს, როგორს ხედავთ თბილისს თქვენი მერობის ვადის ბოლო წელს?

– ჩემი სურვილი და მიზანიც სწორი ურბანული ხედვით განვითარებული დედაქალაქია, სადაც ქვეითიც, ავტობუსის მგზავრიც და მეტროთი მოსარგებლეც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს, სადაც ქუჩები და ეზოები სავსეა არა ავტომანქანებით, არამედ გამწვანებული სივრცეებით. ქალაქი, რომელიც არ არის ბეტონის და არის უფრო მწვანე, ინკლუზიური და სიცოცხლით სავსე. ქალაქი, სადაც ყველა – მერიაც, გამგეობაც, მოსახლეობაც ერთად ზრუნავს მის გალამაზებაზე. ზოგადად, თუ მოსახლეობა აქტიურად არ ჩაერთვება ქალაქის მართვაში და არ აგვყვება ამ ცვლილებების განხორციელებაში, ალბათ, ჩემი სურვილი სურვილად დარჩება. ეს ქალაქი არ არის მხოლოდ ჩემი ან რომელიმე კერძო პირის. ჩვენ ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებელი მის სამომავლო განვითარებაზე.