(EXCLUSIVE) ადაპტირებული სკოლები შშმ პირების გარეშე და შშმ პირები არაადაპტირებულ გარემოში – აუდიტის სამსახურმა ინკლუზიურ განათლებაში ხარვეზები გამოავლინა

11:37 03-05-2018
40

სალომე ჩადუნელი

საქართველოს აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში ინკლუზიური სწავლების ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა და შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშზე დაყრდნობით გამოვლენილია მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური სწავლების ეფექტიანად დანერგვაზე, კერძოდ:

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, არსებობს ინკლუზიური განათლების მიზნების შესაბამისად ადაპტირებული სკოლები და მათ არ ჰყავთ სსსმ მოსწავლეები. ამის საპირისპიროდ, ფიქსირდება სკოლები, სადაც ირიცხებიან სსსმ – მათ შორის ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, რომელთა გარემო არ არის თანხვედრაში ინკლუზიური განათლების მიზნებთან, რაც ერთი მხრივ ზრდის ფინანსური რესურსის არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს და მეორე მხრივ, ზღუდავს მოსწავლეებისთვის განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში არსებული 2,082 საჯარო სკოლიდან სათანადოდ ადაპტირებულია 17 საჯარო სკოლა, რომელთაც გააჩნიათ ლიფტი, პანდუსი, მორგებული სანიტარიული კვანძი და რესურსოთახი. მოცემული 17 სკოლიდან ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ირიცხება მხოლოდ 7 სკოლაში. ქვეყნის მასშტაბით, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ირიცხებიან 233 საჯარო სკოლაში. მოცემული 233 სკოლიდან, 101 სკოლას არ გააჩნია პანდუსი, 143 სკოლას – ადაპტირებული სანიტარიული კვანძი, 75 – სკოლას კი არც პანდუსი და არც სანიტარიული კვანძი, რაც შეუძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაადგილებას ეტლით მოსარგებლე მოსწავლისთვის.

„არსებული გარემოება ქმნის რისკს, რომ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ვერ შეძლებენ, მიიღონ სასკოლო განათლება სათანადოდ, იმის მიუხედავად, რომ ამ პირობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მხრიდან გახარჯულია სახსრები. თუ მოსწავლეს არ აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გამოვლენილია სხვა ფორმით, ამ შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მდგომარეობის საპასუხოდ გარემოს მორგება და სკოლაში რესურსოთახის მოწყობა, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე უნდა აღიჭურვოს სხვადასხვა საშუალებით, რაც მოსწავლეს დაეხმარება, დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ინტეგრირდეს სკოლის გარემოში. ქვეყნის მასშტაბით – 1,235 საჯარო სკოლაში ჩარიცხულია 6,254 სსსმ მოსწავლე, საიდანაც 312 სკოლას – 25%-ს, რომელშიც ირიცხება 883 მოსწავლე, არ აქვს რესურსოთახი“, – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია კონტროლის მექანიზმის არარსებობა, რომლის მეშვეობითაც სსსმ მოსწავლის სწავლების მიზნით, სკოლისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე უნდა ფასდებოდეს, რამდენად ადაპტირებულია ინფრასტრუქტურული გარემო და შესაძლებელია თუ არა სსსმ მოსწავლისთვის მოცემულ სკოლაში განათლების მიღება. ამასთანავე, იკვეთება სამმართველოსა და სააგენტოს შორის სკოლების რეაბილიტაციისას კოორდინაციის ნაკლებობის რისკები, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნებოდა სკოლებში ინკლუზიური სწავლების დანერგვის ხელშეწყობის მნიშვნელობა. ფიქსირდება საპირისპირო შემთხვევებიც, როცა მოცემული მომენტისთვის სკოლაში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე და მოწყობილია რესურსოთახი.

„ასევე, 183 სკოლას მოწყობილი აქვს პანდუსი და სანიტარიული კვანძი, მაგრამ არ ჰყავს არც ერთი ეტლით მოსარგებლე მოსწავლე. სკოლაში მოსწავლის არარსებობის ერთ-ერთ მიზეზი ისიცაა, რომ რიგ სკოლებში საკლასო ოთახები იმგვარადაა განლაგებული, რომ ლიფტის გარეშე შეუძლებელია გადაადგილება, შესაბამისად, მხოლოდ პანდუსისა და სანიტარიული კვანძების ადაპტირება არ არის საკმარისი პირობა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მეორე პრობლემური საკითხი მასწავლებლების კვალიფიკაციას ეხება. „ტრენინგების მეშვეობით მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობის არასათანადოდ გათვალისწინება, როგორც სპეციალური, ისე იმ საგნის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან სსსმ მოსწავლეს, აფერხებს სწავლების პროცესის სათანადო ხარისხით წარმართვას. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სკოლას ჰყავს ინკლუზიური განათლების კუთხით გადამზადებული მასწავლებლები, სსსმ მოსწავლე კი სკოლაში არ ირიცხება და პირიქით – იმ სკოლებში, სადაც სწავლობენ სსსმ მოსწავლეები, უმეტეს ნაწილს არ ჰყავს გადამზადებული მასწავლებლები“, – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სსსმ მოსწავლის სწავლების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ოდენობის განმსაზღვრელი კალკულაცია არ არის გაწერილი. დაფინანსების ოდენობა არ არის მორგებული სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არაპროპორციულადაა განაწილებული სკოლებს შორის მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებაში, რაც ზრდის ფინანსური რესურსის არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს.

„სკოლებში ინკლუზიური სწავლების სათანადოდ დასაგეგმად და განსახორციელებლად სამინისტრო არ ფლობს პროგრამის ბენეფიციარებისა და პოტენციური მოსარგებლეების შესახებ რელევანტურ, სრულ და ზუსტ ინფორმაციას. ამასთანავე, სსსმ მოსწავლეების შემფასებელი მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, რიგ შემთხვევებში არ აქვთ მიღებული ინკლუზიურ სფეროსთან დაკავშირებული განათლება. გარდა ამისა, არ არის დანერგილი სსსმ მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგებისა და სკოლების მიერ ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად გატარებული ღონისძიებების შეფასების მექანიზმები, რაც აფერხებს პროგრამის ეფექტიანად დანერგვის მაჩვენებლების სათანადოდ შეფასებას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

2016 წელს სკოლებში ინკლუზიური სწავლების ხელშესაწყობად ზოგადი განათლების მიმართულებით გახარჯულია 11,118,592 ლარი, საიდანაც 6,771,800 ლარი მიმართულია სკოლებში სსსმ ბავშვების სწავლებისთვის დამატებით ვაუჩერულ დაფინანსებაზე, 3,260,335 ლარი სპეციალური სკოლების დასაფინანსებლად, ხოლო 1,086,457 ლარი ინკლუზიური სწავლების პროგრამის განხორციელების ხარჯებია. ამის შესახებ აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომელიც ინკლუზიური განათლების პროგრამის აუდიტს ეხება 2015-2017 წლებში.

2015 წელს ანალოგიური მიზნით გახარჯულია 8,352,830 ლარი, საიდანაც 4,663,665 ლარი მიმართულია დამატებით ვაუჩერულ დაფინანსებაზე, 2,745,533 ლარი გახარჯულია სპეციალური სკოლების დასაფინანსებლად, ხოლო 943,632 გამოყოფილია პროგრამის განსახორციელებლად.

ზემომოცემული ბიუჯეტის გარდა, ინკლუზიური განათლების მიზნების მისაღწევად, გამოყოფილია ფინანსური რესურსი სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემოს უზრუნველყოფისა და მოცემულ სფეროში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისთვის. ინკლუზიური განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, მოსწავლისთვის განკუთვნილი სტანდარტული ვაუჩერული დაფინანსების გარდა, გამოეყოფათ დამატებითი წლიური დაფინანსება სსსმ მოსწავლის სწავლებისთვის შემდეგი ოდენობით. 6-მდე სსსმ მოსწავლეზე გამოიყოფა 4200 ლარი, 7-დან 13 მოსწავლეზე – 8400, 14-დან 23 მოსწავლეზე – 12600, 23-ზე მეტ სსსმ-ზე – 16 800. 

მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, რომლის ფარგლებშიც განათლებას იღებს 6,254 სსსმ მოსწავლე, აქტუალურ პრობლემად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი სსსმ ბავშვები, რომელთა ზუსტი რაოდენობა სამინისტროსთვის არ არის ცნობილი.

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 6,254 მოსწავლე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 1,235 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში იღებენ განათლებას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები სპეციალური ბრძანებით დაამტკიცა, რომელიც 2018 წლის 21 თებერვლით თარიღდება. ასევე, დაინერგა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი.

აგრეთვე, განისაზღვრა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებამდე პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭება/მოხსნის რეგულაციები; მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაფასებლად წარსადგენი დოკუმენტაცია; სკოლებისთვის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების შერჩევის მექანიზმები და სკოლის ვალდებულებები.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ვალდებულებათა იმ ჩამონათვალს, რომელიც სკოლას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის   სწავლა/სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად ეკისრება.

 

სკოლა ვალდებულია:

ა) შენობა-ნაგებობის ფიზიკური გარემოს მოწყობის მიზნით, ითანამშრომლოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან;

ბ) სკოლის დირექციის წარმომადგენლების, მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული განვითარების მიზნით ითანამშრომლოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე პირის სკოლაში ჩარიცხვისთანავე ან მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისთანავე დაიწყოს ზრუნვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე;

დ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის საჭიროების შემთხვევაში, საჭიროების იდენტიფიცირებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით;

ე) ხელი შეუწყოს სმენის დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლის სპეციალურ მასწავლებელს ჟესტური ენის შესწავლაში;

ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე პირის სკოლაში ჩარიცხვისთანავე ან მოსწავლისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისთანავე განახორციელოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის მიზნით;

ზ) არანაკლებ 3 თვეში ერთხელ უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;

თ) სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ასევე სკოლის ბიუჯეტში ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის დანერგვისთვის შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება;

ი) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.