(EXCLUSIVE) "ემიგრანტებო, ჩვენი შვილებიც ემიგრანტებად რომ არ იქცნენ, გავუძლოთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე"

19:47 02-23-2018
1918

საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობა არ მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან. თითოეული მათგანი ამბობს, რომ  საქართველოში დაბრუნდებიან, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო დროს ელოდებიან. „პრაიმტაიმის“ ემიგრანტის დღიურების რუბრიკის სტუმარია ქართველი ემიგრანტი იტალიიდან ცისანა იობიძე. 

- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ და რა მიზეზით წახვედით საზღვარგარეთ?
- ყოფილი მასწავლებელი ვარ. ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლები სკოლაში გავატარე. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, სიძე და სამი უნიჭიერესი შვილიშვილი. სამშობლოს დატოვება ყველა ქართველს გენეტიკურად უჭირს.არასოდეს მიფიქრია, რომ ემიგრანტის ცხოვრებით ვიცხოვრებდი, მაგრამ როცა ხედავ, რომ შენს გარშემო ყველაფერი ინგრევა, ცდილობ ნანგრევებს განერიდო და საყვარელი ადამიანებიც გადაარჩინო. საქართველო 2004 წელს დავტოვე, როცა პირველი შვილიშვილი 5 წლის იყო, მეორე 3 თვის. მასწავლებლის ხელფასი 67 ლარი, სიძის ხელფასი 200 ლარი, შვილი ასპირანტი, და ეკონომიური ჩიხიდან გამოსასვლელად საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება მივიღე.

- ვინ დაგეხმარათ საზღვარგარეთ წასვლაში?
- წასვლა კანონიერი გზით მოვახერხე. მეგობრის ქალიშვილმა გერმანიაში მიმიწვია. გერმანიის საელჩოში გასაუბრებაზე პრობლემა არ შემქმნია. ვთქვი, რომ " როგორც ისტორიის მასწავლებელს, მინდოდა მენახა უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა - "გერმანია".  გერმანიაში 10 დღე გავჩერდი და ეს იყო 10 დღე სამოთხეში. გერმანელებს უყვართ თავისი ქვეყანა და ღირსეულადაც პატრონობენ. გერმანიიდან იტალიაში გადავედი და 2004 წლის 13 ივნისიდან დაიწყო ჩემი ნებაყოფლობითი "გადასახლების" წლები, რომლის დასაწყისი ვიცი, დასასრული კი...

- როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი და გაქვთ თუ არა შეზღუდვები?
იტალიაში ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი. ოჯახებში მუშაობს: მოსამსახურედ, მოხუცის მომვლელად, ძიძად. სამუშაო გრაფიკი 24 საათიანია, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად, რასაც პაპი ფრანჩესკოც გამოეხმაურა და ამ სამუშაო გრაფიკს " 21- ე საუკუნის მონობა" უწოდა. რაც შეეხება შეზღუდვებს, მინდა გითხრათ, რომ ემიგრანტობა თვითონ არის შეზღუდვა". არ არსებობს ემიგრანტის პირადი ინტერესები,  პიროვნული თავისუფლება და ამის ფასად ღებულობს ხელფასს, რომელიც ყოველთვის არ შეესაბამება შესრულებულ სამუშაოს. მიუხედავად მძიმე პიროვნული მდგომარეობისა, ემიგრანტთა უმრავლესობა, ახერხებს ოჯახის ფეხზე დაყენებას, შვილებისათვის საჭირო განათლების მიცემას, რის გამოც მადლობა იტალიას და იტალიელთა ოჯახებს.

- რას გვეტყვით იტალიის ტრადიციებზე და კულტურაზე?
- იტალია მსოფლიოს უძველესი ქვეყანაა, ანტიკური რომის მემკვიდრე. შესაშურია მისი კულტურული მემკვიდრეობა ყველგან და ყველაფერში, მაგრამ დღევანდელი იტალია საერთოდ  არ იწვევს აღფრთოვანებას. მე აქ მინახავს: " დაკერებული ასფალტი", "ხრუშოვკები", მოუწესრიგებელი ავტო და სარკინიგზო სადგურები, პრიმიტიული საცხოვრებელი სახლები, ღარიბი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები. აღფრთოვანებაში მოვყავარ აგრო- კულტურას, მომსახურეობის სერვისს და საპენსიო უზრუნველყოფის კანინს. (სხვათა შორის აქ მასწავლებლის პენსია 1200-1500 ევროა) ტრადიციებით ქართველს ვერავინ გააკვირვებს. იტალია იყო ტრადიციების ქვეყანა, მაგრამ დღეს ე. წ. "დემოკრატია" და "ლიბერალიზმი" ანგრევს ეროვნულ ფასეულობებს, განსაკუთრებით ოჯახის ფენომენს. მყარი ოჯახები აღარ არსებობენ. პირადი სურვილები, მოთხოვნები და განუწყვეტლივ პარტნიორის ძებნა, ხშირად შვილების უბედურების მიზეზი ხდება, იწვევს მკვლელობებს და თვითმკვლელობებს ოჯახებში.

- ურჩევთ თუ არა ქართველებს საზღვარგარეთ წასვლას?
- ჩემი კატეგორიული პასუხია-არა! ემიგრაცია ანგრევს პატარა ერებს, ეროვნულ თვითშეგნებას, ოჯახებს, მოზარდთა ფსიქიკას. ეპიკურეს აქვს ასეთი გამონათქვამი:"ვინც ზუსტად არ იცის საით მიცურავს, მისთვის ზურგის ქარი არ არსებობს". ქართველთა ემიგრაციას წლის განმავლობაში მილიარდობით უცხოური ვალუტა შეაქვს ქვეყანაში, ამ მხრივ იგი შეიძლებოდა "ზურგის ქარი" ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, მაგრამ სანამ ქვეყანას ეროვნული მთავრობა არ ეყოლება, ემიგრანტების შრომა უშედეგო იქნება.
ჩემი ნება რომ იყოს, სასტიკად დავსჯიდი იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც მოსახლეობის ემიგრაციას უწყობს ხელს. საქართველო დღემდე ოჯახის სიმტკიცემ მოიყვანა. ქართულ ოჯახში ყოველთვის დომინირებდა მამაკაცი, როგორც მარჩენალი, როგორც მეომარი და როგორც ქვეყნის პატრონი. დღეს ქართველმა მამაკაცმა
ეს ფუნქციები დაკარგა. დიდი ნაწილი ამას შეეგუა,  გალოთდა, გაუბედურდა, ნაწილი კი შეეწირა. მოვიდა უდედოდ გაზრდილი თაობა და საქართველო არასასურველ რეფორმათა პოლიგონად იქცა.

- გაქვთ თუ არა საქართველოს საელჩოსთან ურთიერთობა?
- საქართველოს საელჩო მხოლოდ ერთხელ შევაწუხე, როცა იტალიის ერთ-ერთ ტელეარხზე, საქართველოზე გაკეთებული ვიდეო-ფილმი დავიწუნე. პასუხი არ გაინტერესებთ? "მეტი უკეთესი რა გინდოდათო?", სწორედ ამ ფრაზით ყველაფერი ითქვა თვით საელჩოზე.

- თქვენი აზრით რაზე მიანიშნებს ქართულ სკოლების გახსნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში?
- ქართული სკოლების გახსნა ევროპის ქვეყნებში მიანიშნებს იმას, რომ მომრავლდნენ ქართველი ემიგრანტი ბავშვები, რაც ჩემში დიდ სიხარულს არ იწვევს. გინახავთ სადმე ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ბუდეში დაბრუნებულიყოს? სამშობლოს გარეთ გაზრდილი თაობა ვერასოდეს ვერ იქართველებს!
მე აქ შემხვედრია ბავშვები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან. დედას იტალიურად ეძახიან. MAMMA! - არასოდეს არ იქცევა ულამაზეს სიტყვად " დედა". საზღვარგარეთ გაზრდილი ბავშვების 90% საქართველოში არ დაბრუნდება.

სიტყვა "დახმარება" ემიგრანტისათვის პირობითია. მას ყველაფერში სჭირდება დახმარება, რადგან ყოველდღიურად  ირღვევა მისი , როგორც ადამიანის, უფლებები. მართალია გახსნილია საემიგრაციო ოფისები და მეტ- ნაკლებად ხდება კანონიერების აღდგენა, მაგრამ ემიგრანტი მოკლებულია უამრავ რამეს, რაც ასეა საჭირო ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. მინდა აღვნიშნო ქალბატონების: ფიქრია კუჭუხიძეს და ლელა ბალახაშვილის საქმიანობა და პროფესიონალიზმი.

- აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და რას ფიქრობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე?
- ამ კითხვით შეურაცხყოფილი დავრჩი. გამახსენდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა "რუკა" დიახ, ემიგრანტი შეიძლება საქართველოს სიშორემ და მონატრებამ დააავადმყოფოს და მოკლას. ევროპამ კიდევ უფრო დამანახა ჩემი ქვეყნის განუმეორებლობა და ჩემი ხალხის უნიკალურობა, მიუხედავად ყველა ადამიანური ნაკლისა დამიჯერეთ, სხვა საქართველო არსად არ არის და არც ერთმა ერმა არ იცის სიცოცხლისა და სიკვდილის ფასი, როგორც ქართველმა. დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის ჟამი უდგას და 30 წელია ქვეყანა კომპასის გარეშე მოძრაობს. თუ საუკუნეების მანძილზე მის ზღუდეებს უდიდესი დამპყრობლები "შემოელეწნენ", დღეს იგი შინა მტრების ხელით იღუპება. ქვეყანა იყიდება 30 ვერცხლად და ყიდის ყველა! ტკივილად  მხოლოდ ის კმარა, რომ საქართველოს უდიდესი მეფის აღმაშენებლის გამზირზე არაბები და თურქები " ბაირამობენ", ამას ისტორია არ გვაპატიებს! პლუტარქე ამბობს:"სახელმწიფოს ღირსებას იმ ადამიანების ღირსება განსაზღვრავს, ვინც მას წარმოადგენს"

- რას უსურვებთ ემიგრანტებს?
- ე.ი ჩვენ ფაქტიურად სამშობლო დავკარგეთ. ამიტომ, ემიგრანტებო, ჩვენი შვილებიც რომ ემიგრანტებად არ იქცნენ, გავუძლოთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!

ავტორი: თეონა აბესაძე