ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა

19:29 02-22-2018
2341

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თემქაზე 21 წლის გოგონა, მისმა შეყვარებულმა ლ.გ-მ მოკლა. არსებული ინფრომაციით, დაკითხვაზე მან დანაშაული აღიარა და ის უკვე დაკავებულია. 

მოკლული ანა ნაცვლიშვილი ლ.გ.-ს ბავშვობიდან იცნობს. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს" მოკლულის ახლობლები უყვებიან. ანა ნაცვლიშვილი და ლ.გ. 7 წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. ერთ სკოლაში დადიოდნენ, თუმცა კლასელები არ ყოფილან. ლ.გ. ანა ნაცვლიშვილზე უფროსი იყო. მათი სიყვარულის შესახებ როგორც ოჯახის წევრებისთვის ისე მეზობლებისთვისაც იყო ცნობილი. 

ბრალდებულს, სამართალდამცველები თემქის სამმართველოში 7 საათზე მეტია კითხავენ. 

მოკლულის მეგობრის მშობლის თქმით, ანას და მის შეყვარებულს კონფლიქტიც ჰქონდათ. 

"მათ შორის გოგო ჩადგა, რაც ანამ ვერ აიტანა დაშორდნენ და შერიგდნენ შემდეგ. კონფლიქტი ანას მიზეზით არ ყოფილა",- განაცხადა მეგობრის დედამ.

ერთ-ერთი ვერსიით, ანა ნაცვლიშვილი სახლიდან დილის 5 საათზე გავიდა. მშობლებმა მისი გაუჩინარების ამბავი დილით გაიგეს და ძებნა დაიწყეს. პირველ რიგში, მის შეყვარებულს დაუკავშირდნენ, რომელმაც განუცხადა, რომ ღამით ემესიჯებოდა, შემდეგ აღარ მიწერა და ისიც ოჯახის წევრების მსგავსად ეძებდა ანა ნაცვლიშვილს. ანა ნაცვლიშვილის მეგობრის მშობლის თქმით, ის უცნობთან შესახვედრად გამთენიას არ ჩავიდოდა.

"მის გვერდით სხვა ბიჭი არ მინახავს. შემიძლია ვთქვა რომ უცხოსთან არ ჩავიდოდა. გაიპარა ანა. დამ დაურეკა ჩემს შვილს და უთხრა რომ არ იყო ანა სახლში.. დაურეკეს შეყვარებულს და ისიც ეძებდა", - ამბობს მოკლულის მეგობრის დედა. 

პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, იმ მანქანის შესახებ, რომლითაც ეჭვმიტანილმა ტერიტორია დატოვა. 

ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ყელგამოჭრილი, მრავლობითი დაზიანებით, სახლთან ახლოს დღეს დილით იპოვნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.