მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის წმ.ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს

16:03 02-22-2018
71

დღეს, 22 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია, ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის, წმ.ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულს აღნიშნავს.

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი, (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა და სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა ახ. სტ. 2 ნოემბერი.

2014 წლის 22 თებერვალს, გაიხსნა, ღირსი მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები, სამთავროს, წმიდა ნინოს სახელობის, დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა, პარაკლისი გადაიხადეს.

ამის შემდეგ, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები, სამთავროს, ფერისცვალების სახ. ტაძრიდან, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მეორე დღეს, 23 თებერვალს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელის უპირატესობით, წირვა აღასრულეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა, 
2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან, თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის, საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მას შეეგება, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე.

მრევლს, საშუალება ჰქონდა, მოელოცა წმინდა ნაწილები. ყოვლადწმიდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან, მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმიდეს.

2014 წლის 1 აპრილიდან, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები, დაბრძანებულია, მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის, დედათა მონასტრის ფერისცვალების  ტაძარში.

2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, წირვა აღასრულა, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, რა დროსაც, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები, ჩაბრძანებულ იქნა, ტაძრის, ჩრდილოეთ კედელთან, სპეციალურად მოწყობილ, ქვის ლუსკუმაში.

მამა გაბრიელმა, თავისი უბრალოებით შესძლო, ერის გაერთიანება, ქრისტეს სიყვარულში.

"ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა. შეგვავედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა გვიხსნას ყოველნი სულიერთა და ხორციელთა განსაცდელთაგან და სნეულებათაგან".

    ტროპარი

"ყოველთა სენთა საკურნებლად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრალად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის".

     კონდაკი

"გაქებთ შენ, საყვარელო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ზესთამბრძოლო, საკვირველთმოქმედო და მრავლითა სათნოებითა შემკულო. ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ".

წმინდა მამის მეოხებით, უფალმა დაიცვას თქვენი ოჯახები განსაცდელებისაგან!

მოგმადლოთ მშვიდობა და აღგავსოთ სიხარულით!❤ 

გთავაზობთ, ღირსი ბერი გაბრიელის, სიცოცხლის დროს გადაღებულ ვიდეორგოლს.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე