ავტორიზებაშეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის გაგრძელებას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეძლებენ

15:32 02-21-2018
447

ის სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებსაც ავტორიზაცია გაუუქმეს, მობილობის პრინციპით მათთვის სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადანაწილდებიან. განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკლეთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

ავტორიზაცია ორ უნივერსიტეტს შეუჩერდა. ესენია თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“ და ,,თბილისის საერთაშორისო აკადემია“.

მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. სტუდენტ ნიკა ბენდელიანის თქმით, ისინი მოითხოვენ მობილობით სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადანაწილდნენ, რადგან კერძო დახურვის რისკს შეიცავს.

,,თუ ჩვენი უნივერსიტეტი დაიხურა იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს არც სტუდენტის განათლების მიღებას, არც იმ კრიტერიუმებს, რასაც სახელმწიფო ითხოვს. მოვითხოვთ, რომ გადაგვიყვანონ,  ჩვენი უნივერსიტეტის დონე რაც იყო, მაგაზე მაღალი დონის უნივერსიტეტში, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ. ჩვენ კერძო უნივერსიტეტებში გადასვლა არ გვინდა. საშიშროება არსებობს, რომ ხვალ კერძო უნივერსიტეტი დაიხურება და ყოველ წელს მოგვიწევს უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში მობილობით გადასვლა. სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ დახურვის საფრთხე, პროცენტულად“, - განაცხადა ნიკა ბენდელიანმა.

შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ სტუდენტების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეძლებენ გადასვლას. უფრო კონკრეტულად, სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას მობილობა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს.

როგორც სტუდენტებმა ,,პრაიმტაიმს“ განუმარტეს, მათ შეუნარჩუნდებათ ყველა საგნის კრედიტი. რაც შეეხება საფაკულტეტო  საგნების სწავლას, რომელიც ყველა უნივერსიტეტს ინდივიდუალური აქვს, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, სადაც სტუდენტები ამ საგნების გავლას შეძლებენ.

,, ლექტორების სპეციალური ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სწრაფად გაგვატარებენ საგნებს, რომელიც გავლილი არ გვაქვს, შეიძლება ერთ სემესტრში ნორმაზე მეტი საგნის აღება მოგვიწიოს. მაქსიმალურად ეცდებიან ლექტორები და უნივერსიტეტი, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა“, - განუცხადა ,,პრაიმტაიმს“ სტუდენტმა თეონა კირვალიძემ.

,,ჰიპოკრატეს“ სასწავლებელში უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. მათი განმარტებით, დაკმაყოფილდება უცხოელი სტუდენტების სურვილიც. ისინი გადავლენ იმ უნივერსიტეტებში, სადაც ე.წ. რუსული სექტორი ფუნქციონირებს. რჩება ერთი პრობლემა, უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უფრო მაღალია, ვიდრე ჰიპოკრატეში იყო.

იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ავტორიზაციის გაუქმების შედეგად დაიხურა დაახლოებით, 450 სტუდენტი სწავლობს. მობილობა სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 15 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიაში” განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მონიტორინგი განხორციელდა ძველი სტანდარტებით (მატერიალური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი).

ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიას გაუუქმდეს ავტორიზაცია.

ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, დარღვეულია სტანდარტის თითქმის ყველა მოთხოვნები. დაფიქსირებული დარღვევები პირდაპირ დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან და ხარისხთან. უფრო კონკრეტულად, ხარვეზები ეხება საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითქმის არ მიმდინარეობდა, საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებულ მდგომარეობაშია და რესურსების გამოყენების ფაქტები შესაბამისად არ ფიქსირდება. არ ფიქსირდება პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის სათანადო ბაზები. კლინიკური უნარ-ჩვევების გარკვეულ ნაწილს სტუდენტები ერთმანეთზე სწავლობენ. გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, სერიოზული პრობლემები არის ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, რომელიც მთლიანად შეუსაბამოა საგანმანათლებლო მიზნებისთვის. 

დეტალური ინფორმაცია დასკვნისა და ოქმის სახით გამოქვეყნდება ცენტრის ვებ გვერდზე კანონით დადგენილ ვადაში.

ავტორი: სალომე ჩადუნელი