მიხეილ ჯანელიძე - არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციით მიიღეს

12:26 02-19-2018
31

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  სახელმწიფომ ნამდვილად არ უნდა მისცეს საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მიიღო თითოეულმა მოქალაქემ. ამის შესახებ ჟურნალისტებს  მიხეილ ჯანელიძემ  შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საპასუხოდ განუცხადა. 

მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა არარეალურია და ისინი, ხშირ შემთხვევაში ამ მოთხოვნასთან ერთად დანაშაულსაც სჩადიან.

"გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულის ჩადენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ მიმართულებით, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან და ასევე წევრი ქვეყნების სტრუქტურებთან. ძალიან წარმატებით მიმდინარეობს უკვე თანამშრომლობა და აქაც ის მოქალაქეები, რომლებიც ჩადიან კრიმინალის მიზნით, კანონის დასარღვევად რომელიმე ქვეყანაში, აუცილებლად დაისჯებიან.
ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც. გაფორმებულია 6 მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩრდილოეთ რაინ- ვესტფალიის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილეს უახლოეს დღეებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი და მოხდება შეთანხმება როგორც ამ ხელშეკრულებასთან, ასევე სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა და ეს თანამშროლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, ერთად შევებრძოლებით კრიმინალს არა მარტო საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის გაცვლით და თანამშრომლობით შეგვიძლია იმ წუხილებს ვუპასუხოთ, რაც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. 220-მა ათასმა ადამიანმა ისარგებლა ძალიან დიდი პოზიტივით, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა,"- განაცხადა ჯანელიძემ.