პრეზიდენტი: გასამართლების საფრთხე მაშინაც არ მადარდებდა, როცა გარეთ იყო მერაბიშვილი და პრეზიდენტი იყო სააკაშვილი

22:39 02-14-2018
30

მოქმედ პრეზიდენტს ნაკლებად ადარდებს გასამართლების სირთულეები, მაშინაც არ მადარდებდა, როცა გარეთ იყო მერაბიშვილი და პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა. 

„მაშინაც არ მადარდებდა და ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ეთერშიც ვიჯექი, გარეთაც გამოვდიოდი და ღიად ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. ზოგიერთი მათგანი ადეიშვილის კაბინეტიდან, ალბათ, სურათს მიღებდა მე მიტინგზე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ნებისმიერ ამ საკითხში მე ვლაპარაკობ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ შენ თუ ნებას მისცემ, ვინმე გაასამართლონ სხვა მუხლით და გჯერა, რომ ის დამნაშავეა და რა მნიშვნელობა აქვს რომელი მუხლით ჩასვამ, ეს უნდა იცოდეს, რომ მისთვისაა საშიში. ამას ჰქვია სამართლებრივი ცნობიერება და ადამიანს, რომელსაც ტელევიზორში გამოსვლაზე აქვს ამბიცია, მინიმუმ წაკითხული უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლია თავის ოჯახის წევრებთან იქადაგოს, ესეც იქნება არაეფექტური“, - განაცხადა მარგველაშვილმა.