გიგლა ბარამიძე: ,,კოსტანტინე გამსახურდია თუ ზის ნინო ბურჯანაძესთან, ის არის პრორუსი და გიგა ბოკერიაა პროქართული?"

15:18 02-14-2018
564

მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნების თემამ პარტიების ლიდერებში აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა როგორც ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, აჟიოტაჟს ამ მთავრობასთან გარიგებული, ფსევდო ოპოზიციური ლიდერები ქმნიან.

გიგლა ბარამიძე ასეთად ,,ნაციონალურ მოძრაობას" და ,,ევროპულ საქართველოს" მიიჩნევს.

,,ამ პარტიებისთვის, როგორც ჩანს, პრობლემა ამ მექრთამე და არაფრისმაქნისი ხელისუფლების მოშორება არ არის. ერთიანობის იდეა ლიდერთა საბჭოს ეკუთვნის. საბჭოს ლიდერები ნამდვილად შეთანხმდებიან ერთიან კანდიდატზე. მე ასეთად რა თქმა უნდა ნინო ბურჯანაძეს მივიჩნევ, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის და სახელმწიფოს მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ ნინო ბურჯანაძეს. ოღონდ, ნურავინ დაიწყებს მის პრორუსულობაზე საუბარს. პრორუსები, პროამერიკელები თუ პროჩინელები ის ხალხია, ვინც სწორედ ბურჯანაძისკენ იშვერს ხელს. ვერ გავიგე, კოსტანტინე გამსახურდია ქვეყნის მტერია და პრორუსია თუ კი ბურჯანაძესთან ზის მოლაპარაკების მაგიდასთან და გიგა ბოკერიაა ეროვნული და პროქართული? ან თუნდაც ზურა ჭიაბერაშვილი? მათ საერთოდ ეროვნული რამე თუ გააჩნიათ? ყელში ამოვიდა უკვე ეს უაზრო ბრალდებები. გვაჩვენონ დიმიტრი გელოვანი, რომელიც დააბრუნებს ტერიტორიებს, ქვეყანას დაუბრუნებს წართმეულ ღირსებას, ერთნაირად გაბედულად დაელაპარაკება რუსეთსაც, ამერიკასაც და მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს, დაგვისახელონ ადამიანი, რომელიც ააღორძინებს ქვეყნის ეკონომიკას, შეამცირებს უმუშევართა რიცხვს, სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და კი ბატონო, არ გვინდა ბურჯანაძის გაპრეზიდენტება. მაგრამ მე ასეთ დიმიტრი გელოვანებს ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში და იმაზე საუბარი, რომ აპოლიტიკური პრეზიდენტი გვჭირდება, ეს საერთოდ უვიცობის გამოხატვაა".- აცხადებს გიგლა ბარამიძე.