ახალგაზრდა კალიგრაფი, რომელიც ქართული დამწერლობის მეშვეობით ხელოვნების ნიმუშებს ქმნის

13:45 02-12-2018
201

კალიგრაფიით 8 წლის ასაკში დაინტერესდა, მისთვის შთაგონების წყარო ერთ-ერთი კორეელი ილუსტრატორის მიერ მსგავს სტილში შესრულებული ნამუშევრების ნახვა გახდა. ბევრ კონკურსში გაიმარჯვა, 2015 წელს მისი ნამუშევრები რჩეულთა შორის მოხვდა და ეგვიპტესა და გერმანიაში გამოიფინა... განვითარებას არ წყვეტს, მუდმივად მუშაობს და აპირებს, ქართული კალიგრაფიის განვითარებაში წვლილი შეიტანოს – ბიჭი, რომლის კალიგრაფებზეც ბოლო დღეებია აღფრთოვანებით საუბრობენ, 17 წლის ნიკა ღუნაშვილია, რუსთავის №22 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. კალიგრამა ერთადერთი არ არის, რასაც დროს უთმობს. რამდენიმე წლის წინათ საკუთარი სტრატაპიც დაიწყო, ხელნაკეთ საათებს ქმნის. იდეა წარმატებული აღმოჩნდა და შეკვეთებს ყოველდღიურად იღებს. მიუხედავად ბევრი შესაძლებლობისა, ნიკასთვის ქართული კალიგრაფია პირველ ადგილზე დგას. პირველ ნამუშევარს დღემდე ინახავს და გეგმავს, საკუთარი გამოცდილება, კალიგრაფიით დაინტერესებულ სხვა ახალგაზრდებსაც გაუზიაროს. 

ნიკა ღუნაშვილი: 

– კალიგრაფიით პირველად 8 წლის ასაკში დავინტერესდი. კალიგრაფისტ დავით მაისურაძის ნამუშევრები ვნახე და მომეწონა. შემდეგ დავით მაისურაძე ჩემი მასწავლებელი გახდა. კალიგრაფია რუსთავში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „მთაწმინდელში“ შევისწავლე. ახლა ცენტრში აღარ დავდივარ, მაგრამ იმ დონეზე ვისწავლე, რომ განვითარება ჩემით შემიძლია. 

– მარტივი იყო შენთვის, კალიგრამას დაუფლებოდი? რა მთავარი სირთულეები შეგხვდა?

– თავიდან ადვილი არ ყოფილა. რვა წლის ასაკში წერა მიჭირდა. ნელ-ნელა დავიხვეწე. ჩემი განვითარების მოტივატორი კონკურსში დამარცხება გახდა. რომ გამემარჯვა,  დავკმაყოფილდებოდი შედეგით და აღარ განვვითარდებოდი. 

– ანუ შენი წარმატების განმსაზღვრელი წაგება გახდა?..

– დიახ. ეს იყო ქართული კალიგრაფიის კონკურსი, საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებდა. ფინალში მოვხვდი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. გამარჯვებულ ხელნაწერებს დავაკვირდი და იმის განვითარება დავიწყე, რაც გამარჯვებულების ნამუშევრებს სხვებისგან გამოარჩევდა. ჩემს ნამუშევარში მეტი ყურადღება ორნამენტსა და გაფორმებაზე დავხარჯე და არა კალიგრაფიაზე. ეს კი კალიგრაფიის კონკურსი იყო და ხელწერა დიდად ფასობდა. 

– გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვს, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია შენთვის?

–  გამორჩეული ნამუშევარი არ მაქვს. ყველა ერთნაირად ძვირფასია, თუმცა შენახული მაქვს პირველი ნამუშევარი, „მამაო ჩვენო“. გამორჩეული თემატიკა არ მაქვს, ყველა თემაზე ვქმნი კალიგრამებს. 

– როგორც ვიცი, აბიტურიენტი ხარ, სად აპირებ სწავლის გაგრძელებას და უკავშირდება თუ არა ეს არჩევანი კალიგრაფიის სიყვარულს?

– ალბათ, არქიტექტურაზე ჩავაბარებ.  რაღაც კუთხით კალიგრაფიასაც უკავშირდება, ორივე ხელოვნებაა. კალიგრამების შემქნას არ შევწყვეტ და მთელი ცხოვრება გავაგრძელებ მასზე  მუშაობას. 

– გარდა კალიგრამებისა, როგორც ვიცი, გაქვს შენი სტარტაპი, ქმნი დეკორატიულ საათებს და ხატავ კიდეც... ეს იდეა როგორ დაიბადა და როდის აღმოაჩინე, რომ გარდა წერისა, ეს ნიჭიც გქონდა?

– ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, გიორგი გორგიაშვილი აკეთებდა საათებს და მეც ვცადე, გამეკეთებინა. პირველი საათი კარგი არ გამოსულა, მაგრამ გავაგრძელე  და დღეს უკვე ვიღებ შეკვეთებს. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ საათზე ადამიანების სილუეტები შემექმნა, რომელმაც გაამართლა. ბევრი შეკვეთა მომდის ამაზე. 

– კალიგრამები შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კალიგრამა კი ქართული კალიგრაფიით საზრდოობს. რით არის კონკრეტულად შენთვის გამორჩეული ქართული დამწერლობა?

– ქართული დამწერლობა, რომ მსოფლიო დამწერლობიდან ერთ-ერთია, ჩემთვის საამაყოა. დიდი კულტურული მემკვიდრეობაა, თანაც ჩვენს დამწერლობას სამი სახეობა აქვს, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს.  მარტო სიამაყე საკმარისი არ არის. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ანბანი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გავხადოთ. მაგალითად, ტურისტებისთვის ხელნაწერების შეთავაზება. ასეთი პრაქტიკა ეგვიპტეშია. ისინი ტურისტებს პაპირუსებზე შესრულებულ ხელნაწერებს სთავაზობენ. ზოგადად, საქართველოში მე-19 საუკუნის 50-იან წლებში შეწყდა ქართული კალიგრაფიის განვითარება. იქამდე ბევრი გადამწერი მუშაობდა. მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ ვითარდებოდა ეს სფერო, ხელნაწერთა ინსტიტუტმა, ფაქტობრივად, თავიდან აღადგინა კალიგრაფიის განვითარების პროცესი. ეს კონკურსი საკმარისი არ არის, კონკურსი აღარც ტარდება. ყოფილი დირექტორის ბუბა კუდავას ინიციატივით იმართებოდა. ის აღარ არის დირექტორი და კონკურსიც გააუქმეს. თუმცა ქვემო ქართლის მასშტაბით ეს კონკურსი ტარდება და სკოლა „ლაზარე“ ატარებს. დიდი დაინტერესებაა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ამ კონკურსში მე გავიმარჯვე, ახლა ჟიურის წევრი ვარ. ვგეგმავ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო  კალიგრაფიის განვითარებაში, თუმცა ჯერ დეტალებს ვერ გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ  კალიგრაფიის მასწავლებლობა შემომთავაზეს სკოლა „ლაზარეში“. მე, რა თქმა უნდა, ამ წინადადებას დავთანხმდები.