უწმინდესის მოღვაწეობით მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასოდეს შეურიგდება სარწმუნოების დათმობას - კობახიძე

13:32 02-12-2018
32

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე, რომელიც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ღონისძიებაზე, რომელიც გამორჩეულ თარიღს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება. 100 წლის წინ ჩვენი ერისთვის უმძიმეს პერიოდში ქართული ეკლესიის გათავისუფლება ჩვენი დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დაბრუნების მთავარ ძალად იქცა",- განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. "ჩვენი ისტორიის უმძიმეს პერიოდებში ყოველთვის ჩნდებოდნენ გმირი წმინდა მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ. ხშირად, სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პ​არლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველმა მეფეებმა სწორედ ეკლესიისა და ქრისტიანული ღირებულების ირგვლივ გააერთიანეს სახელმწიფო, რაც კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმა და ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფის და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ერის გატეხვით იწყებოდა.

"უფლის ნება იყო, რომ 4 ათწლეულის წინ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი გახდა ილია მეორე. სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაუღალავი მოღვაწეობით მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად საბოლოოდ გამარჯვებით დაგვირგვინდა. უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის შესახებ უამრავი რამის თქმა შეიძლება და ეს კარგად იცის არა მხოლოდ ქართველმა ერმა, არამედ მთლიანად ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესის და და მოღვაწეობით მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასოდეს შეურიგდება ყველაზე ძვირფასის, სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმიდა მამულიშვილური მიზნისთვის ყოველთვის გამარჯვებით სრულდება. მე მინდა, როგორც ქართველმა და როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო მის წინაშე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესია ასახავს ჩვენი ბრძოლისა და გამარჯვებების მნიშვნელოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა თითოეული ქართველის ვალია. დღეს სწორედ ჩვენი წინაპრების, მამების და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებით ვართ აქ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაიღეს. წარსულის დავიწყებით უკეთეს აწმყოს და მომავალს ვერ შევქმნით. ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი ერის წიაღში იშვნენ გმირები, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს ყველაზე წმინდა - მამული, ენა და სარწმუნოება. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია არის მთავარი ბასტიონი ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად. ქედს ვიხრი თითოეული საერო და სასულიერო პირის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში გაიმარჯვეს. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.