ოჯახურ ტრადიციად ქცეული ექიმობა - ქართველი პლასტიკური ქირურგი და ცნობილი პაციენტები

18:21 01-29-2018
336

ო   ქართველი პლასტიკური ქირურგი ნოდარ იოსელიანი უკვე წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოსკოვის ორ წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. მის პაციენტებს შორის რუსული შოუ-ბიზნესის არაერთი ვარსკვლავიც არის, თუმცა უყურადღებოდ არც ქართველ პაციენტებს ტოვებს. თვეში ერთხელ პლასტიკურ ოპერაციებს ის თბილისში, ჩაჩავას კლინიკაშიც ატარებს. 

     - ბატონო ნოდარ, როგორც ვიცი ექიმების ოჯახიდან ბრძანდებით... ამან განაპირობა პროფესიის არჩევა?

     - რა თქმა უნდა. ბაბუაჩემის მამა, ბაბუაჩემი, მამაჩემი - ყველანი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იყვნენ და ცხადია, ეს პროფესია ერთგვარ ტრადიციად გვექცა. ბავშვობიდან ამ სფეროში ვტრიალებ და რა გასაკვირია, რომ მეც ამ მიმართულებით წავედი.

     - სად მიიღეთ სამედიცინო განათლება?

     - სამი წელი ვსწავლობდი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სწავლა განვაგრძე მოსკოვში.

     - პაციენტების მოთხოვნის საფუძველზე ხშირად გიწევთ თბილისში ჩამოსვლა და პლასტიკური ოპერაციების გაკეთება..

     - დიახ, თვეში ერთხელ ჩამოვდივარ თბილისში. ეს ხდება თავად პაციენტების თხოვნით. ძირითადად საქართველოში ვაკეთებ ბლეფოროპლასტიკას, მამოპლასტიკას, ამდომინოპლასტიკებს, ვატარებ სხვა სახის პლასიტკურ ოპერაციებსაც. ეს ყველაფერი ძირითადად იმპლანტებით ხდება.

     - რამდენად ხშირია მომართვიანობა?

     - საქართველოში ყოველ ჩამოსვლაზე 5-6 ოპერაცია კეთდება, თუმცა გეგმაში გვაქვს, რომ  10-15 ოპერაციაც გავაკეთოთ და შესაბამისად, უფრო მეტი ხნით მომიწევს ჩამოსვლა ხოლმე.

     - რუსეთში სად საქმიანობთ?

     - ვმუშაობ მოსკოვის ორ წამყვან კლინიკაში. ორივე მათგანი ითვლება მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებად და გამიმართლა, რომ სწორედ აქ მოვხვდი.

     - პირველი ოპერაცია როდის გააკეთეთ?

     - პლასტიკურ ქირურგიამდე ვსაქმიანობდი საერთო ქირურგიაში და პირველი ოპერაციაც სწორედ ამ მიმართულებით გავაკეთე. ეს იყო 13 წლის წინ თიაქარის ოპერაცია.  რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას, პირველად გავაკეთე მკერდის ოპერაცია და მას შემდეგ 1000-მდე ოპერაცია მაქვს გაკეთებული.

    - თბილისში მხოლოდ ქართველ პაციენტებზე გაქვთ გათვლა?

    - ძირითადად მაინც ქართველებზე. ასევე ოპერაცია გავუკეთე ოსეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ქალბატონს. ვაპირებთ, თბილისში მოვიწვიოთ პაციენტები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც.

     - თბილისში სად შეიძლება დაგიკავშირდნენ პაციენტები?

     - ეს ოპერაციები კეთდება ჩაჩავას კლინიკაში და შესაბამისად, მსურველებს სწორედ იქ შეუძლიათ ინფორმაციის მიღება.

     - რამდენად უსაფრთხოა მსგავსი სახის პლასტიკური ოპერაციები?

     - ამერიკა ამ მიმართულებით ჩვენზე გაცილებით წინ არის. იქაც კი ვერ იპოვეს იმპლანტების რაიმე კავშირი ონკოლოგიურ თუ სხვა სახის დაავადებებთან. ასე რომ ეს არის სრულიად უსაფრთხო და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

     - რა ჯდება ეს ოპერაციები?

-   - ყველა ოპერაციას თავისი ფასი აქვს. პლასტიკური ქირურგია ეს ადრე იყო მხოლოდ მდიდარ ფენაზე გათვლილი. ახლა ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. 

     -  ცნობილი ადამიანები თუ მოგმართავენ?

     -  რუსეთში საკმაოდ ხშირად. არაეთიკურია კონკრეტული პირების ვინაობის დასახელება, მაგრამ იგივე შოუ-ბიზნესის არაერთი ვარსკვლავისთვის გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია.