აშშ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

10:23 01-13-2018
55

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, სადაც კონტრაბანდაში წაუყენეს ბრალი, რომელიც ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ მუხთარლი და ყველა პირი, ვინც სასჯელს საკუთარი ძირითადი უფლებების დაცვისთვის იხდის.
ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.