ყოფილი მეუღლის და მისი მეგობრის დაჭრის ბრალდებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა

21:58 01-12-2018
131

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.