კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტონ

12:50 01-12-2018
63

თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია "სითი ინსტიტუტს" დღის ბოლომდე აძლევს ვადას, რომ წარმოადგინოს გონივრული ვადა, თუ რა ვადებში შეძლებს დოკუმენტის სრულყოფას.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა არქიტექტურის სამსახურსა და "სითი ინსტიტუტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა სწორედ დღეს იწურება, თუმცა გეგმის დასკვნითი მეექვსე ნაწილი სრულყოფილი არ არის.

"თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გენერალური გეგმის შემუშავება ქალაქის სტრატეგიულად და პერსპექტიული განვითარებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და სითი ინსტიტუტს შორის ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ნამდვილად მნიშვნელოვანი სამუშაოები. მისი ნაწილი რეალურად მისაღები და გამოსადეგია ქალაქის განვითარებისათვის, თუმცა დოკუმენტი დაუსრულებელია დათელი რიგი სამუშაოებია გასაწევი, რადგან ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს. 

კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა გენგეგმის დასკვნითი მეექვსე ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს. ხელშეკრულების თანახმად ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება მიიღება თუ არა მერია სითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას.

ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრული დოკუმენტი.

ვითვალისწინებთ ფაქტობრი მოცემულობას და იმ სამუშაოებს რომელიც უკვე გაწია სითი ინსტიტუტმა, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ საშუალებას დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას",- განაცხადა კალაძემ.

ის მერიის ყველა სამსახურის სახელით, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს კონტრაქტორ კომპანიასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. 

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიასთან გაწყვიტოს კონტრაქტი იმ შემთხვევაში, თუ "სითი ინსტიტუტი"  დღის ბოლომდე არ წარმოადგენს დოკუმენტის დასრულების გონივრულ ვადას.

კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში თბილისის მერია კომპანიას აღარ გადაუხდის კომპანიას კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის დარჩენილ ნაწილს- 800 000 ლარს.

ხოლო უკვე გადახდილი თანხის 2 მილიონი ლარის უკან დაბრუნება არ მოხდება.

 

ლიზი არსოშვილი