როგორ დავიკლოთ ახალი წლის დღეებში მომატებული ზედმეტი კილოგრამები - ფიტნესინსტრუქტორის რჩევები. - exclusive

16:26 01-05-2018
700

ახალი წლის შემდგომ ყველაზე აქტუალური თემა წონის კლებაა. როგორ მოვიშოროთ მომატებული კილოგრამები. დღეს ჩვენი სტუმარი ფიტნესინსტრუქტორი, დავით გაბელაია გახლავთ. ასაკის მიუხედავად (28 წლის) არაერთი მიღწევა აქვს ძალისმიერ სპორტში. დღეს გარდა აქტიური სპორტისა, ერთ-ერთი ფიტნესდარბაზის მენეჯერი გახლავთ. ცდილობს სხვებსაც შეაყვაროს ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი. კონკრეტულ რჩევებს დავითი დღეს თქვენც გაგიზიარებთ.

- დავით, როდის შემოვიდა სპორტი შენს ცხოვრებაში?

- 3 წლიდან მიმიყვანა ბაბუაჩემმა ტანვარჯიშზე. აკრობატიკით დავიწყე, მერე ბატუტზე ხტომა ვარჩიე. 15 წლამდე ტანმოვარჯიშე ვიყავი. ეს არის საწყისი ეტაპი, რის შემდეგაც ნებისმიერი სპორტის სახეობაში შეგიძლია გადაინაცვლო წარმატებით. ძიუდოშიც ვცადე ბედი, მაგრამ ტრავმების გამო თავის დანებება მომიწია. შემდეგ ძალისმიერ სპორტში გადავედი. აქ უფრო ფიქსირებული მოძრაობებია და ნაკლებია ტრავმები.

- როგორც ვიცი, მსოფლიო ჩემპიონიც ხარ სპორტის ამ სახეობაში...

- კი, მსოფლიო ჩემპიონი გახლავართ, მსოფლიო პრიზიორი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენი და საქართველოს 16 გზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.  

- სხვა პროფესიაზე არასდროს არ გიფიქრია?

- მიფიქრია. მინდოდა გამოვსულიყავი ქირურგი-ტრავმატოლოგი. თავადაც ბევრი ტრავმა მაქვს გადატანილი და ალბათ ამიტომ. მაგრამ...

- ტრავმების მერე მარტივად ყრიან ხოლმე ფარ-ხმალს...

- მე იმდენად მიყვარს სპორტი და იმდენ ადამიანს შევაყვარე, ვერც წარმომიდგენია ამის გარეშე ცხოვრება. ჩემი მოსწავლეები დღეს დიდი წარმატებებს აღწევენ...

- დათო, დღეს ძალიან მუდური გახდა ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუმცა არიან ისერთებიც, რომლებიც სავარჯიში დარბაზში სხვის დასანახად დადიან მაკიაჟით. რომელი კატეგორია უფრო მეტია, ვინც ვარჯიშისთვის დადის, თუ ვინც გასართობად ან რელაქსისთვის?

- სამწუხაროდ რელაქსისთვის და გასართობად უფრო მეტი დადის, ვიდრე ვარჯიშისთვის, მაგრამ რომ დადის ეს უკვე კარგია. ეს საწყისი ეტაპია იმისთვის, რომ ნელ-ნელა მიხვდეს, რისთვისაა ეს გარემო. ზოგადად ბოლო პერიოდში ჩვენი მომხმარებლის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ძირითადი კატეგორია სტუდენტებია, მაგრამ ასაკოვანი მომხმარებელიც ბევრი გვყავს.

- რა არის მთავარი, რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა?

- პირველ რიგში თავად უნდა იცოდეს, რისთვის მოდის, კონკრეტულად რა სჭირდება და ამისთვის უნდა აიყვანოს პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც ზუსტად აჩვენებს რომელი ტრენაჟორი რისთვისაა განკუთვნილი, რომელი ვარჯიში რის მერე ან რამდენი უნდა გაკეთდეს და რაც მთავარია, შეუდგინოს სწორი კვების ცხრილი. არასწორად შესრულებულმა ვარჯიშმა შესაძლოა ტრავმაც გამოიწვიოს.

- ვარჯიშის საწყის ეტაპზე გარდაუვალია კუნთების ტკივილი... როგორ ვუმკურნალოთ მტკივან ადგილებს?

- ეს არ არის ტკივილი, ეს არის წვა, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც ტკივილს. ამ დროს რძემჟავა გამოიყოფა კუნთებში, რაც დაჭიმულობას იწვევს და ტკივილის შედგრძნება გაქვთ. სწორედ ამისთვის არის საჭირო პროფესიონალი მწვრთნელი, რომ პირველივე დღეს არ დაუშვას კუნთების გადაღლა, დაჭიმვა იმ დოზით, რომ ტკივილი გაუსაძლისი გახდეს. სუსტ ტკივილებს სპეციალური აბებიც შველის, რომელსაც რძემჟავა გამოჰყავს კუნთებიდან და მოდუნების საშუალებას გაძლევს.

- ექიმები რეკომენდაციას არ იძლევიან ხერხემლის პრობლემის დროს ვივარჯიშოთ...

- პრობლემას გააჩნია. არის ხერხემლის თიაქარი, რომლის დროსაც მე რეკომენდაციას ვაძლევ ივარჯიშოს პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ამას მედიცინა გამორიცხავს. მე შემიძლია გაჩვენოთ ფოტოები დაგრეხილი ხერხემალი რომ გაგვისწორებია ვარჯიშით.

- როცა მხოლოდ წონაში კლებისთვის მოდიან და არა კუნთებისთვის...

- ამ შემთხვევაში რეკომედირებულია სწორი კვება და კარდიო ვარჯიშები, სარბენი ბილიკი, თხილამური. მაგრამ სხვა ვარჯიშებიც საჭიროა იმისთვის, რომ სხეულის ფორმები გალამაზდეს.

- არსებობს, სწორი კვების ზოგადი რეცეპტი? დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, ახალი წლის მერე ბევრი იმატებს წონაში. რას ურჩევთ მათ?

- ეს არ არის დიეტა. ეს არის სწორი კვება. დღეში მინიმუმ 5-ჯერ იკვებები, სამ საათში ერთხელ.  ეს აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რის ხარჯზეც იკლებ წონაში, წვავ ცხიმებს და კუნთებს ამკვრივებ. და თუ კი რაიმე პრობლემა გაქვს კუჭზე, ნაღველზე, იმასაც კი მკურნალობ.

- ვიცი რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური სწორი კვება სჭირდება, მაგრამ ზოგადი რეცეპტი თუ არსებობს, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს გაუზიაროთ...

- არა, ასეთი არ არსებობს. ახლა მე რომ რეცეპტი შეგიდგინოთ თქვენ და კარგი შედეგი გამოიღოს, შესაძლოა ამ რეცეპტმა არ იმოქმედოს სხვაზე და ამისთვის შენიშვნა მივიღო. რაც შემიძლია გირჩიოთ არის შემდეგი... 1) სამი საათის ინტერვალით უნდა იკვებოთ ( სამსახური მაქვს და არ შემიძლია სისულელეა. ამისთვის არსებობს კონტეინერები). 2) ცილა და ნახშირწყალი თავიდან ერთად უნდა მიიღოთ. და მერე ნელ-ნელა შეამციროთ ნახშირწყალი. მარტო ნახშირწყლის მიღება მხოლოდ ვარჯიშის წინ შეიძლება.

- რა შედის ნახშირწყლებში?

-  მაგალითად: ბრინჯი, გრეჩიხა, გერკულესი, ბურღულეული. ზოგადად უნდა ეცადოთ კალოტიული საკვები ვარჯიშის წინ მიიღოთ. ხოლო ვარჯიშის შემდეგ ხაჭო მიირთვათ. ეს ხელს უწყობს კუნთის აღდგენას.

- მხოლოდ ცილების მიღება არ შეიძლება? „დუკანის“ დიეტა დღეს ძალიან მოდურია...

- არა. ვიწყებთ ცილებითა და ნახშირწყლებით და 2-3 კვირაში ვიწყებთ ნახშირწყლების შემცირებას. უცბად მხოლოდ ცილებზე გადასვლა არ შეიძლება, ეს გამოიწვევს კუნთების მოდუნებას და სხეულის დასუსტებას. ასეთ პირობებში ვარჯიშსაც ვეღარ შეძლებთ. და კიდევ ერთი, ცილებს და ნახშირწყლებს ვიღებთ უმარილოდ და უშაქროდ. არავინ მოგატუოთ, რომ მარილისა და შაქრის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს. მე ერთი წელი ვიყავი ასე და კი ხედავთ როგორ ვარ. ერთი წელი არა, მაგრამ 1-2 თვე წონის დაკლებისთვის უნდა სცადოთ.

- რას იტყვი სტიმულატორებზე, რომელსაც ვარჯიშის დროს იყენებენ?

- ცხიმის მწველი სტიმულატორები ბუნებრივი ექსტანტებისგან არის დამზადებული და რეკომენრიდებულია ვარჯიშის დროს. ერთადერთი უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს კოფეინს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გული გაწუხებთ.

- ვარჯიშის დაწყებიდან რამდენ ხანშია შესაძლებელი შედეგის დანახვა სარკეში, სტიმული რომ არ დავკარგოთ...

 

- ესეც ინდივიდუალურია. მე მყავს მოსწავლეები, რომლებმაც 2 კვირაში მიაღწიეს შედეგს. თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. მაქსიმალური ვადა ერთი თვეა. გარკვეული შედეგი ერთ თვეში ყველა ვარიანტში იქნება თუ მოინდომებთ.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი