"ნაციხრების შვილებო... დედა თურქეთში გყავს, მიგატოვა", - სკოლის მასწავლებელი მე-2 კლასის მოსწავლეებს

16:47 12-19-2017
11926

ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის #5 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. მეორე კლასის მოსწავლის გ.კ-ს ბებიამ, რომელიც ამავე სკოლაში პედაგოგიც არის და მეშვიდე კლასის დამრიგებელია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისი შვილიშვილის კლასის მოსწავლეებს _  ლ.ა და გ.ა. ბიშაშვილებს. 

“მამათქვენები ნაციხვრები არიან და თქვენ,  მათი შვილები საიდან იქნებით ნორმალურები? ჩემი ოჯახი სამაგალითოა და ასეთს არ იკადრებს, რასაც თქვენ კადრულობთ. დედაშენი თურქეთშია და ყურადღებას ვერ გაქცევს, მიგატოვა“, _ აღნიშნული სიტყვებით პედაგოგმა ირინა მგელაძე-მუხაშავრიამ მეორე კლასის მოსწავლეებს, მშობლებთან, დამრიგებელთან და მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში მიმართა. აღნიშნული ფაქტი “გურია ნიუსთან“ მეორე კლასის მოსწავლეების მშობლებმა და დამრიგებელმა დაადასტურეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლ.ა. მშობელმა ნათია კაჭარავამ სკოლის დირექტორის სახელზე განცხადება დაწერეს, რასაც ხელს რამდენიმე მშობელიც აწერს.

ანასეულის #5 საჯარო სკოლაში 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, წინ მოსწავლეებს შორის სხვადასხვა სახის შეურაცხყოფის ფაქტები უძღვის, რაც მშობლების ჩარევის შემდეგ კიდევ უფრო მწვავდება.

მეორე სკოლის მოსწავლეები გ.კ. და ბიძაშვილები  ლ.ა. და გ.ა. ანასეულში მრავალბინიან კორპუსებში ცხოვრებენ, სადაც ეზო არის საერთო. მათ ოჯახებს შორის სამეზობლო დავა და კოფლიქტი წლებია მიდის. ოჯახის უფროსების ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა და აგრესია ბავშვებზე გადადის, რისი დამადასტურებელი ფაქტიც სკოლაში, მშობელთა კრების დროს მოხდა.

“გურია ნიუსი“ შეეცადა ყველა მხარის კომენტარები მოესმინა. ჩვენ ჩავწერეთ ლ.ა-ს მშობელი, პედაგოგი და გ.კ-ს ბებია, კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექტორი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები:

ნათია კაჭარავა, ლ.ა-ს დედა:  “ჩემი შვილი და მაზლისშვილი არიან ერთ კლასში, მათ მუდმივად აქვთ კონფლიქტი ამავე კლასელთან გ. კ-სთან. კონფლიქტი კი ეზოდან მოდის. ბავშვებს აქვთ დაპირისპირება, რასაც უფრო ამწვავებს გ.კ-ს ბებიის უხეში ჩარევა. ბავშვებს შეიძლება თამაშის დროს კამათი მოუვიდეთ უბრალოდ, ის კი თავის შვილიშვილს აგრესიისკენ უბიძგებს. ეს ხდება სკოლაშიც. ეს ქალი, რომელიც პედაგოგიცაა,  ბავშვებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. რამდენიმე დღის წინ მოუკიდია ჩემი ბავშვისთვის ხელი და უფროსკლასელებთან შეუგდია. თანაკლასელების თვალწინ აყენებს შეურაცხყოფას და უძახის ბავშვებს, რომ მამა პატიმარი გყავდათ და თქვენ, მათი შვილები ნორმალურები საიდან იქნებით, თქვენ ნაციხრების შვილებო, თქვენ კარგი რა უნდა ისწავლოთო. მეორეს ეუბნება, რომ დედამ მიგატოვა და თურქეთშიაო. ვცდილობდი, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, მხოლოდ 14 დეკემბერს შეუძლებელი  იყო გავჩერებულიყავი. კრებაზე ვიყავით მშობლები. გ.კ. უთქვამს, ცუდი სიტყვა ჩემი შვილისთვის. ბავშვი მისულა დამრიგებელთან და უთქვამს გ-მ ასე მითხრაო, ეს ბავშვი კი გაიქცა და ბებიას უთხრა. ამის შემდეგ წამოვიდა შეურაცხყოფით ეს მასწავლებელი, მეც მომაყენა შეურაცხყოფა  და ბავშვებს რა არ უძახა, იმის გამეორება არ შემიძლია“.

პედაგოგი და ამავე დროს გ.კ-ს ბებია, ირინა მგელაძე-მუხაშავრია “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გ.კ. ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლი თავად არის აღნიშნული ოჯახის მიერ, რასაც არ ეთანხმება კლასის დამრიგებელი.

 “მაინც,  როგორ ძალადობაზეა საუბარი? როგორ გეკადრებათ! მე იცით ვინ ვარ? _ მე ის პედაგოგი ვარ, რომელმაც ორი ბავშვი , რომლებსაც სახლში ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ, შევიფარე და ოთხი თვე გაჭირვების დროს გამოვკვებე. მე ის ქალი ვარ, რომელმაც  მეორე ოჯახიდან, სადაც ძალადობა მძვინვარებდა, ბავშვები სახლში წამოვიყვანე  და 6 თვის განმავლობაში დედასთან ერთად შევიფარე.

მე ვარ ის პედაგოგი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ამ ბავშვების შერიგებაზე ზრუნავს და ვერ მოვახერხე. ჩემი ბავშვი არის ძალადობის და ბულინგის მსხვერპლი _ პირიქითაა. ჩვენ ერთ ეზოში ვცხოვრობთ და აგრესია მოდის უკვე კარგა ხანია. ეს ოჯახი მრავალსულიანია, დაახლოებით, 15 სული ცხოვრობს. აგრესიის სათავეს თავიანთი მშობლებიდან და ოჯახებიდან იღებენ ეს ბავშვები. ოჯახური პრობლემა და დაპირისპირებაა ჩვენთან“, _ ამბობს პედაგოგი ირინა მგელაძე- მუხაშავრია და ბავშვებს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე და შეურაცხმყოფელ ფაქტებზე საუბრობს:

_ იყო რამდენიმე ფაქტი ეზოში ჩემი ოჯახის მიმართ მათი დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის მოყენებისა. ამას დაადასტურებენ მეზობლები. იყო შემთხევვა, სასწრაფოც გამოვიძახეთ. ამის შემდეგ მძაფრდებოდა სიტუაცია. თქვენი თვალთახედვიდან ვგავარ მე ისეთ პედაგოგს გავაღვივო და გადავიტანო მათი ოჯახის აგრესია ბავშვებზე?  რამდენჯერ ჩემი შვილიშვილი გ.კ. ცეკვიდან მოდიოდა და სადღაც ჩაკეტეს. ისეთი შეშინებული მოვიდა ბავშვი, ცუდად გახდა. იყო ფაქტი 7 ბავშვმა ცემა ჩემი შვილიშვილი. შევედი და იმ ბავშვს ხელი მოვკიდე, ეს არ იყო ძალადობა? იყო შემთხვევა ქუჩაში ბავშვს ფულს ძალავდნენ!

მე არ მითქვამს მამაშენი ნაციხარიაო! შეიძლება კონკრეტულ შემთხევასთან და ფაქტთან დაკავშირებით ემოციურობა მეც გამოვხატე. მაგრამ გეუბნებით, ამას წინ უძღვის სხვადასხვა ფაქტი. მე დამრიგებელსაც ვესაუბრე რამდენჯერმე.  იმ დღეს კი, შევდივარ საკლასო ოთახში და ვხედავ, ჩემი შვილიშვილი ზის უკანა მერხზე და ტირის, სლუკუნებს. აქეთ მასწაველებლი და მშობლები იყვნენ და არავინ დაინტერესდა, რატომ ტიროდა ბავშვი. გეუბნებით, ჩემი შვილიშვილია ბულინგის მსხვერპლი და თუ არ არის, რატომ არ ჩადის ბავშვი ეზოში? ყოველ ჩასვლაზე ბავშვს აყენებენ შეურაცხყოფას.

არ მითქვამს არცერთი მსგავსი, არც დედაზე, არც მამაზე. ახლა დარიგებულმა ბავშვებმა შეიძლება რაიმე თქვან.  ჩემი ბავშვი დამრიგებელმა დაადანაშაულა. მე ვუთხარი დამრიგებელს და ვკითხე,  რომ რატომ ტირის ჩემი შვილიშვილი, რატომ არ გაარკვიე-მეთქი. ამ დროს მშობელი ერევა და უცენზურო სიტყვებით მომმართავს. მე ვუთხარი რატომ გგონია, რომ ჩემი შვილიშვილი უცენზურო სიტყვებს იტყვის, ჩემს ოჯახში ეს არ ესმის-მეთქი. შემდეგ მოვუყევი, რას ამბობდნენ მის ოჯახზე, დედამთილზე და ასე შემდეგ, არ შეიძლება თქვენს ოჯახში გაიზარდოს საუკეთესო-მეთქი. იმ მშობლების თანდასწრებით, პირიქით, ჩემი ოჯახი გამოვიდა ცუდი. რა, არ უნდა მეთქვა? ისიც დამაბრალეს, რომ თითქოს მე ვუთხარი ბავშვს, რომ დაიჩოქე და ბოდიში მოუხადე-მეთქი. საერთოდ მაგ ოჯახიდან ბოღმა ყოველთვის მოდიოდა.  მე, პირიქით, საჩივარი მინდა შევიტანო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც განცხადებას  აწერენ ხელს და  თხზავენ რაღაცეებს“, _ ამბობს ირინა მუხაშავრია.

ნატალია გობრონიძე, მეორე კლასის დამრიგებელი: “კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც ვიცი,  ეს არის სამეზობლო დავიდან დაწყებული ამ ორ გვარს შორის. ეს ჩემი საქმე არაა, მე ბავშვებს შორის კონფლიქტს მშვენივრად მოვაგვარებდი, რომ არა ბებიის უხეშად ჩარევა. ბებიის უხეშად ჩარევის შემდეგ მოხდა დაძაბულობა. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი. იყო პატარა ინციდენტი, რომლის მშვიდობიანად მოგვარება შეიძლებოდა. ეს იყო და ეს. მე თითოეულ  მათგანს, ჩემს მოსწავლეს  დადებითად დავასახელებ. კონფლიქტური არცერთი მათგანი არ არის. კარგი ბავშვები არიან“.

ქეთევან ქადიეშვილი სკოლის დირექტორი: “ვადასტურებ, რომ მშობლებმა შემოიტანეს განცხადება. ეს ერთი მხარეა. დაწყებული მაქვს მოკვლევა,  მჭირდება ახსნა-განმარტებები. როცა მექნება ორივე მხარე,  შემდეგ დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცემა და ვიმსჯელებთ ერთად. ეს ამბავი ძალიან დიდი ხანია მიდის სამეზობლოში და სკოლაში გრძელდება და მინდა, რომ მოგვარდეს“.

მშობლები: “არ დაგვინახავს ჩვენ, რომ გ.კ. ტიროდა. არაფერი მომხდარა. უბრალოდ, არ არის ლამაზი და სასურველი, ოჯახური დაძაბულობა სკოლაში მოიტანო და ბავშვების წინაშე  დაამცირო ბავშვი.  ჩვენ რომ ჩვენმა შვილებმა დაგვისვას შეკითხვები _ რატომ არის ლ-ს და გ-ს მამა ნაციხარი, ან რატომ არის გ.ა-ს დედა უცხოეთში, ჩვენ  რა პასუხი უნდა გავცეთ? ასეთი წამოძახილები ბავშვების თანდასწრებით პედაგოგმა გააკეთოს,  შეიძლება? ჩემს შვილს რა პასუხი გავცე? ქალი ბოლო ხმაზე კიოდა _ თქვენი მამები იყვნენ ციხეში და ჩემი შვილები არასდროს დაესხმებიან არავის თავს. ნაციხრების შვილები ხართო, _ ასე მიმართავდა. ეს მშობელი კი მაქსიმალურად იკავებდა თავს, _ აღნიშნავენ მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ ბულინგის ფაქტს და ასევე, ძალადობას ბავშვების მხრიდან ბავშვების მიმართ არ აქვს ადგილი:

“არ აქვს ბულიგნს ამ სკოლაში ადგილი, მით უმეტეს, ამ კლასში. დამრიგებელი გადაყოლილია ბავშვებზე. არ გვინდა, მსგავს რაღაცეებს ჩვენი შვილები ისმენდეს. ყველა ოჯახს აქვს პლიუსი და მინუსი, მაგრამ ეს პატარა ბავშვები მსხვერპლი არ უნდა გახდეს. ხომ შეიძლება ბავშვებმა რაც გაიგონეს და კიდე წაძახონ., _ამბობენ მეორე კლასისი მშობლები “გურია ნიუსთან“

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელები ვანო გოგოლაშვილი, მაია ჯაში და ია მგელაძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლაში მივიდნენ და მეორე კლასის დამრიგებელთან, ასევე, მშობლებთან და პედაგოგთან შეხვედრა მოაწყვეს:

_ მოვედით, რომ მორიგების გზით რაიმე დავარეგულიროთ.  რამდენად შესაძლებელია არსში გარკვევა და მოხმარება?

ნატალია გობრონიძე, დამრიგებელი: _ ბულინგი არის ძალადობა და ჩაგვრა ხომ? სად არის ასეთი ფაქტი? მე არა ვადასტურებ!

ირინა მუხაშავრია, პედაგოგი : _ მე რამდენჯერმე მოგთხოვე შენ ყურადღება. მე მაქვს ჩანაწერი, სადაც შენ ამბობ, რომ ეს ირინა მასწავლებელი აბუნტებს ყველაფერს, ეს მე მოვიყვან ბავშვებს, როგორც სთხოვდნენ ფულს ჩემს შვილიშვილს!

ნატალია გობრონიძე დამრიგებელი: _ უკარცავად, ქალბატონო ირინა, მაგრამ უკვე ორი წელია თქვენგან მარტო ა-ების  გვარის ხსენება  მესმის, დადიხართ და ბავშვებზე ვარსკვლავების რაოდენობას ამოწმებთ. არ არის ეს ოჯახური და სამეზობლო კონფლქტები ჩემი საქმე. მე ამ კონფლიქტს მოვაგვარებდი მშვიდობაინად, თქვენ რომ არ ჩარეულიყავით. თქვენ დამაბრალეთ ის, რომ ბავშვი დავსაჯე, დასჯა სიტყვიერ შენიშვნას არ ნიშნავს.

ლ.ა. მშობელი _ ბავშვებს ნაციხვრებს რომ უძახი და გენეტიკას ეხები, ეს შეიძლება?

ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი: _ რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვარ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სკოლის დირექციას დაწყებული აქვს საკითხის მოკვლევა, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად  გადაეცემა სკოლის დისციპლინური კომიტეტს.

წყარო:გურიანიუსი