ბულინგი და მოზარდები – თემა, რომელზეც საჯარო მსჯელობა დაიწყო

17:04 12-13-2017
340

სალომე ჩადუნელი

ბულინგით დაიწყო საპირფარეშოში, სადისტურად გაგრძელდა ქუჩაში და ტრაგიკულად დასრულდა საავადმყოფოში. 51-ე საშუალო სკოლის ორი 16 წლის მოსწავლე, ექიმების შეფასებით, „სადისტურად მიყენებული ჭრილობების“ შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების სიუჟეტის მიხედვით გამოდის რომ: ამ ტრაგედიის ფონზე დროებით გადამდგარი პროკურორის შვილი 51-ე საშუალო სკოლის საპირფარეშოში რამდენიმე მოზარდმა პნევმატური იარაღით შეაშინა. მან, თავის მხრივ, ამის შესახებ საკუთარ ნათესავს შეატყობინა პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში. ამ უკანასკნელმა საკუთარ მეგობრებს უთხრა და ინციდენტი ქუჩაში გაგრძელდა.  

როგორც „პრაიმტაიმს“ თინეიჯერები უყვებიან, ბულინგი დღეს ჩვეული მოვლენაა და ეს შემთხვევაც შეუმჩნეველი დარჩებოდა, ტრაგიკულად რომ არ დასრულებულიყო. 

როგორც გვიყვებიან, სკოლების საპირფარეშოებში ხშირად ხდება ცემისა და ბულინგის შემთხვევები. მასწავლებლები და დირექტორები კი ცდილობენ, ეს ფაქტები მიჩქმალონ – „ურიგდებიან“ დაზარალებულების მშობლებს. სკოლის დირექტორი, როგორც გვითხრეს, ხშირად იმაზე ფიქრობს, რომ ამბავი სამინისტრომდე არ მივიდეს.  

რაც შეეხება პროკურორის შვილის რეაქციას, რომელმაც ბულინგის შესახებ მამას ან ოჯახის სხვა წევრს კი არ შეატყობინა, არამედ სხვა სკოლის მოზარდს, თინეიჯერების განმარტებით, ასეთ დროს მათ ორი რამ ამოძრავებთ.

პირველი: ერიდებიან კლასელებისა და სკოლელების მხრიდან დაცინვას – „მამიკოსთან გაიქეცი, ბიჭო?“.

მეორე: მოზარდებს არ სურთ, მამის თვალში სუსტები გამოჩნდნენ, არ სურთ ოჯახის წევრებმა იფიქრონ, რომ ისინი პრობლემებს ვერ უმკლავდებიან. 

ასეთია თინეიჯერების მხრიდან დანახული რეალობა. 

საინტერესოა, როგორ ხედავენ პრობლემის მოგვარების გზას ის პირები, რომლებიც ბულინგის  პრობლემაზე წლებია ლაპარაკობენ, თუმცა ფაქტია, უშედეგოდ.  ჩაგვრა სკოლაში ისევ მთავარ პრობლემად რჩება...

გიორგი ნონიაშვილი, პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარი: „ბულინგი არის  ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დევნა, დაშინებით, ჩაგვრით, მორჩილების იძულებით, ნივთების წართმევით. შეგვიძლია გამოვყოთ მისი რამდენიმე ფორმა. მაგალითად, ფიზიკური ბულინგი, ანუ ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდილი ჩაგვრა, ფარული, ვერბალური და კიბერბულინგი. თუმცა, როდესაც ბულინგზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვერბალურ ბულინგს ვგულისხმობთ, რადგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა. 

– როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ საქმე გვაქვს ბულინგთან, რა მახასიათებლები აქვს?

– ყველაზე მარტივი ფორმულა ასეთია – უნდა არსებობდეს მჩაგვრელი და ჩაგრული. მასწავლებლებს აქვთ შესაბამისი პედაგოგიური განათლება, რომ ეს ყველაფერი ამოიცნონ და მათ შორის მოსწავლის იდენტიფიცირება მოახდინონ – ვინ ჩაგრავს სხვებს და რა ფორმით. ეს პედაგოგისთვის რთული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ ყველაფრის შემსწრეა და ამ ყველაფერს რეალურ რეჟიმში აკვირდება.

– რას აჩვენებს ქართული პრაქტიკა, ახერხებენ მასწავლებლები ბულინგის იდენტიფიცირებას?

– პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს სკოლებში ბულინგი ყოველდღიური სასწავლო ცხოვრების წესია. ეს მარტო ენდემური საკითხი არ არის. სხვადასხვა კვლევები გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეთა 80%-ს განუცდია ბულინგი, ანუ ჩაგვრის მცდელობა. თუმცა ცხადია, რომ ეს ყველაფერი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პროპორციით დამაზარალებელია.  ზოგან უკეთესი განათლების სისტემაა, ზოგან კარგი ფსიქოლოგიური დახმარებაა და ა.შ. მოსწავლეები, გარდატეხის ასაკში, ხშირად მიდრეკილები არიან იმისკენ, რომ  სხვები დაჩაგრონ.  მთავარია, ასეთ დროს, რა როლს თამაშობენ მასწავლებლები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ სკოლებში, ტოტალურად, მასწავლებლები, ირიბად თუ პირდაპირ, ხშირად ახალისებენ ჩაგვრას, ანუ იგივე ბულინგს და ეს სხვადასხვა ნიშნებით შეიძლება იყოს გამოკვეთილი, მათ შორის დისკრიმინაციული ნიშნებითაც. დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა... მოსწავლეებში ბულინგს ახალისებს. 

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ახალისებენ, არის თუ არა შემთხვევები, როდესაც თავად მასწავლებლები არიან მჩაგვრელები?

– ცხადია, სასკოლო ურთიერთობაში, მჩაგვრელი და ჩაგრული შეიძლება იყვნენ მოსწავლეები და ასევე, მჩაგვრელი შეიძლება იყოს მასწავლებელი. ესეც არახალია, გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ ყველას გვისწავლია სკოლაში და მჩაგვრელი მასწავლებელიც გვინახავს, რომელიც სიძულვილს ავლენს და ამით სხვებსაც ახალისებს... ეს ხშირად ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ  სკოლაში ტოტალური ჩაგვრის კულტურა არსებობდეს, რაც დღეს ისედაც არის. ამას ვერავინ უარყოფს, ვერც უშუალოდ განათლების სპეციალისტები. 

– ყველაზე ხშირად სად ვხვდებით ბულინგს? მთავარი სივრცე მაინც სკოლაა თუ ნებისმიერი სივრცე, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან?

– ზოგადად, ბულინგი იმ ადგილას ხდება, სადაც ადამიანების სოციალიზაციას ახდენენ და ცხადია, უფრო ხშირია იმ ადამიანებში, ვისაც საკუთარი ემოციების კონტროლი უჭირს. ასეთი ადამიანების რიგებში, პირველ რიგში, არასრულწლოვნები, ანუ მოსწავლეები არიან. თუ ბულინგზე ვსაუბრობთ, გვიწევს სკოლაზე ლაპარაკიც, იმიტომ რომ ბულინგის უმეტესი პროცენტი სკოლას უჭირავს. ჩაგვრის პრაქტიკა კი, ცხადია, რომ ქართველ საზოგადოებაში გავრცელებულია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივ გარემოში ან ყოველდღიურ ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩაგვრა მენტალობის ნაწილი იყო და არის. ამ მენტალობის პირობებში ჩაგვრის წახალისება ხდება. 

– რა მთავარი შეცდომებია დაშვებული ბულინგთან ბრძოლის მიმართებით? რას აკეთებს სამინისტრო, რას აკეთებს ხელისუფლება და რას აჩვენებს კვლევები, რამდენად სწორად მიდის ამ მიმართულებით მუშაობა?

– ბულინგის შესახებ ძირეული კვლევები არ ჩატარებულა და ამიტომ ციფრებით ვერ ვსაუბრობთ, რადგან რაოდენობრივი კვლევების სიმცირე გვაქვს. თუმცა ტენდენციები გამოკვეთილია.  მაგალითად, ის რომ სკოლაში პრევენციაზე მუშაობა მცირეა, მათ შორის არის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის არაეფექტურობა. ხშირ შემთხვევაში სერვისები ფურცლებს არ სცდება. ხანდახან,  ისმის კრიტიკა მანდატურის ინსტიტუტის დახვეწის საჭიროებებზე, იმიტომ რომ მას პრობლემები აქვს. ის, რომ ბავშვი დასახმარებლად არა მანდატურს, არამედ  უფროს მამიდაშვილს მიმართავს, პრობლემაა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ განათლების სისტემა არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. 

– რა შედეგები შეიძლება დადგეს ბულინგით, თუ დროულად არ ვიმუშავეთ პრევენციაზე?

– ბულინგის უკიდურესი შედეგი ჩაგვრის კულტურის დამკვიდრება და ყოველდღიური ცხოვრების წესად გახდომაა, როგორც სკოლაში ისე საზოგადოებაში. სინამდვილეში, დღეს სწორედ ეს ხდება. ყველაზე უკიდურესი ფორმა ცხადია არის ის, რომ ჩაგვრა უკიდურეს ძალადობაში გადაიზარდოს და მათ შორის სიცოცხლის მოსპობაშიც. არც ეს არის საქართველოსთვის ახალი, ბოლო 25 წლის მანძილზე. ჩვენ უკიდურეს ფორმებში ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა არის საგანმანათლებლო სისტემა ნაკლები ბულინგის გარეშე. არასდროს არ გვქონია საკანონმდებლო სისტემა, სადაც შედარებით დალაგებული ყოფილა იგივე მოსწავლეებს შორის ან მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა. ზოგადად, ეს არა მარტო განათლების სამინისტროს საქმეა, არამედ ეს კომპლექსური საკითხია, სამართალდამცავ ორგანოებს, ფსიქოლოგებს უწევთ ჩართვა, მასწავლებლების გადამზადება ხდება საჭირო.  ეს ყველაფერი ჯაჭვს ჰგავს, რომლის თითოეული ნაწილიც არის მნიშვნელოვანი, რადგან  ამის გარეშე ერთი მთლიანობა ვერ შეიქმნება. 

– რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის, რა არის მშობლის, სკოლის, საზოგადოების როლი ამ პროცესში?

– თუ მასწავლებლებზე ვსაუბრობთ, მათ არ უნდა წაახალისონ ჩაგვრა და ამისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა განათლების სამინისტროს მხრიდან მასწავლებლებთან მიმართებით. მეორე, ხშირად ვსაუბრობ იმაზე, რომ  მნიშვნელოვანია, კარგი საგანმანათლებლო სისტემა, პროგრამული ნაწილი, რას ასწავლი ბავშვებს, რა ღირებულებებზე ელაპარაკები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სკოლის ადმინისტრაციის წევრები ბავშვებს მუდმივ რეჟიმში აკონტროლებდნენ და აქვე ვიტყვი, რომ, რაც უფრო ბევრი ბავშვია სკოლაში, რაც უფრო მეტი მოსწავლე სწავლობს, მით უფრო უკონტროლო ხდება გარემო. მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს სკოლები, რომელშიც ათასობით ბავშვი სწავლობს. ასეთი ადგილის გაკონტროლება შეუძლებელი ხდება და ყოველთვის ექსცესები იქნება. 

– თქვენ აღნიშნეთ სტერეოტიპები და მენტალიტეტი, რომელიც  ახალისებს ბულინგს ქართველ საზოგადოებაში... რა არის ის სტერეოტიპები, რაც ხელს უშლის პრობლემის იდენტიფიცირებას...

– ბულინგად შეგვიძლია  ჩავთვალოთ ყველა შემთხვევა, სადაც ბავშვი თავს ჩაგრულად მიიჩნევს. მნიშვნელოვანია, მშობელი ბავშვს ელაპარაკოს და ბულინგის იდენტიფიცირება მოახდინოს. მშობელს ამის გაკეთება არ უნდა უჭირდეს. თუმცა მეორე პრობლემაა, რას ასწავლის მშობელი მჩაგვრელს ან ჩაგრულს. რას ეუბნება, როგორი პასუხი უნდა  გასცეს ერთს ან მეორეს. ხშირად ვაწყდებით იმასაც, რომ თავად მშობლები ახალისებენ  ამგვარ შემთხვევას ან ბუნებრივად და ცხოვრებისეულად განიხილავენ და ცდილობენ, რომ მოსწავლემ მათთვის ადეკვატური პასუხი გასცეს.  ეს ადეკვატური პასუხი კი გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ერთისთვისაც და მეორისთვისაც, ანუ მჩაგვრელისთვის ან ჩაგრულისთვის. საზოგადოებრივი მენტალობა მოსწავლეზე პირდაპირპროპორციულად აისახება. მაგალითად, ბიჭი მოსწავლის შემთხვევაში მამის პოზიცია მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე და რასაც მამა ასწავლის, პრაქტიკაში იმავეს იმეორებს და შეიძლება კიდევ უფრო ბრუტალურადაც. 

– თუ შეგიძლიათ, შეაფასოთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ყველაფერი ბულინგით დაიწყო, რაიმე რეკომენდაციების გაცემა თუ შეგიძლიათ, რაც ასეთ შემთხვევებში პრევენციისთვის იქნებოდა საჭირო?

– ამ საქმემ ძალიან კარგად გამოკვეთა ის პრობლემა, რაც საზოგადოებაში გვაქვს და რაზეც წლების მანძილზე ვსაუბრობთ. ეს იმდენად ბრუტალური, გახმაურებული საქმე იყო, ცხადია, საზოგადოებრივი მგრძნობელობა ძალიან მაღალია და შესაბამისად, რაღაც დადებითი მხარე, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გააჩნია ის, რომ დღეს ვსაუბრობთ ბულინგსა და ჩაგვრაზე. ზოგადად, ამ თემის მიმართ არანაირი მგრძნობელობა არ არის. მაგალითად, 2013 წელს მასობრივად თბილისის სკოლის მასწავლებლებმა,  27 მაისის აქციის დასარბევად სკოლის მოსწავლეები მოხიკეს, როცა ეს მათი საქმე არ იყო, მით უმეტეს სასკოლო საათებში. მაშინ ვსაუბრობდით ბულინგზე, ძალადობისა და სიძულვილის წახალისებაზე სკოლაში და ეს არავის აინტერესებდა. ცხადია, კარგია, ამაზე მსჯელობა რომ დავიწყეთ, ცხადია, რომ ტრაგიკულია ის, რაც მოხდა და მოლოდინი მაქვს, ამ თემის მიმართ მგრძნობელობა გაიზრდება. იმედია, ეს მსჯელობა პროფესიულ წრეებს გაცდება და საშუალო სტატისტიკურ ქართულ ოჯახებშიც დაიწყებენ მსჯელობას, რა უნდა დავარიგოთ შვილს, რათა ის აგრესიული და მოძალადე არ გახდეს.

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი