აფგან მუხთარლის საქმეზე 200 მოწმე დაკითხეს, მაგრამ არცერთს არ აქვს ინფორმაცია გატაცებაზე - ადვოკატი

17:50 06-13-2017
88

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატის განცხადებით, საქმეზე დაკითხული 200 მოწმიდან არც ერთს არ აქვს ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცების თაობაზე.

როგორც ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატები დღეს გაეცნობიან საქმის მასალებს და ასევე იმ ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიებამ კამერებიდან ამოიღო.

"სისხლის სამართლის საქმე, დაახლოებით 4 ტომია. დაკითხულია დაახლოებით 200 მოწმე, ოღონდ საგანგაშოა ის, რომ ამ მოწმეებიდან არავის არაფერი დაუნახავს და არაფერი იცის. ეს ჩვენი აზრით, გამოძიების დროის ფუჭი ხარჯვაა. როგორც ვიცით, ამოღებულია ვიდეომასალა დაახლოებით 30 კამერიდან და როგორც გვეუბნებიან ამ ვიდეომასალის გაცნობის შესაძლებლობაც მოგვეცემა. ახლა გამოძიებამ უნდა ამოიღოს ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ვიდეოკამერის ჩანაწერები.

"ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობის გამორიცხვაზე პრემიერ-მინისტრის და სხვა ხელმძღვანელი პირების განცხადებების შემდეგ, რომელიც არავითარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობოდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი საგამოძიებო მოქმედებები მიმართულია ამ წინასწარ გაკეთებული დასკვნის გასამართლებლად", - აღნიშნა აფგან მუხთარლის ადვოკატმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე