მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - რა ინფორმაცია ვრცელდება
1779648824
სიბერე - ბიოლოგიური პროცესი, როცა ადამიანის ორგანიზმი თანდათან ფუნქციას კარგავს. წლებთან ერთად, ზიანდება და ირღვევა უჯრედების მუშაობის სისტემა, ნელ-ნელა სუსტდება სხეულის თვითაღდგენის უნარი.
კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, სიბერე ბუნებრივ და გარდაუვალ მოვლენად მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, უძველესი ცივილიზაციებიდან დღემდე, ადამიანი მუდამ ესწრაფოდა მარადიულ ახალგაზრდობას, თუმცა თანამედროვე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიბერესთან დაკავშირებულ გამოწვევასაც მალე დაძლევენ.
მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში ცდილობენ, გაარკვიონ, როგორ შეანელონ დაბერების პროცესში. მიზანი უკვდავება არ არის. მეცნიერების ამოცანაა, ადამიანმა იცოცხლოს უფრო დიდხანს და უფრო ჯანმრთელად, შედეგად კი მივიღებთ ნაკლებ ასაკობრივ დაავადებას, უფრო ხანგრძლივ, უკეთეს ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებს.
მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ერთმა ბიოლოგიურმა ფენომენმა მიიპყრო. აღმოჩნდა, რომ ადამიანის სიცოცხლის ყველაზე ადრეულ ეტაპზე - ემბრიონის განვითარების ეტაპზე - უჯრედებს, გარკვეულწილად, "გაახალგაზრდავება" შეუძლიათ - ამ დროს უჯრედები ასაკობრივი დაზიანებების ნაწილს თითქოს თავიდან იშორებენ და უფრო "სუფთა" მდგომარეობას უბრუნდებიან. მეცნიერები დაფიქრდნენ იმაზე, თუ ეს ბუნებრივად ხდება, შეძლებს თუ არა ადამიანი მომავალში ამ პროცესის ხელოვნურად გამეორებას?
წლებთან ერთად, ორგანიზმში დაბერებული, ფუნქციადაკარგული უჯრედები გროვდება, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესს. ბიოლოგები ექსპერიმენტებს ატარებენ სპეციალურ პრეპარატებზე, რომელთა მიზანიც სწორედ ამ უჯრედების ორგანიზმიდან მოცილებაა. ვარაუდობენ, რომ მსგავსი მეთოდით ასაკთან დაკავშირებული ზოგიერთი დაავადების პრევენცია იქნება შესაძლებელი.
კვლევის კიდევ უფრო ამბიციური მიმართულებაა ე.წ. გენეტიკური გადაპროგრამირების პროცესი, რაც გულისხმობს უჯრედების ნაწილობრივ ახალგაზრდულ მდგომარეობამდე დაბრუნებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იაპონელ მეცნიერს ეკუთვნის. 2006 წელს მან მიაგნო სპეციალურ გენებს, რომლებიც უჯრედს თითქმის საწყის მდგომარეობამდე აბრუნებს. თაგვებზე ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, რომ, ამ მეთოდის შედეგად, ასაკოვანი თაგვების ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, უკეთ ფუნქციონირებდა მათი გული, მოძლიერდა კუნთებიც.
2026 წელს მსოფლიოში პირველად დაიწყო გაახალგაზრდავების მეთოდის კლინიკური კვლევა ადამიანებზე. მეცნიერები აკვირდებიან, შესაძლებელია თუ არა უჯრედების უსაფრთხოდ "გადაპროგრამება" ისე, რომ მათ ფუნქცია არ დაკარგონ. გაახალგაზრდავების პროცესის შესწავლაში ერთვებიან როგორც ბიოტექნოლოგიური კომპანიები, ისე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. საქმეში ჩართულია ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც მილიონობით ბიოლოგიურ მონაცემს აანალიზებს.
რაც უფრო აქტიურად სწავლობენ დაბერების მექანიზმებს, მით უფრო ცხადი ხდება, თუ რამდენად რთული ბიოლოგიური სისტემაა ის. ერთ-ერთ მთავარი რისკი უჯრედების "გაახალგაზრდავების" მცდელობისას კიბოს განვითარებაა. არსებობს ალბათობა, რომ მათ პირვანდელი ფუნქცია დაკარგონ და უკონტროლო გამრავლება დაიწყონ. ცხოველებზე ჩატარებულმა ადრეულმა ექსპერიმენტებმა სწორედ მსგავსი შედეგები აჩვენა.
სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ორგანოების ან ქსოვილების გაახალგაზრდავება რეალური გახდება მომავალში, თუმცა ერთი ორგანოს ფუნქციონირებაში ჩარევამ შესაძლოა ორგანიზმის ბიოლოგიურ ბალანსი დაარღვიოს. თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი კითხვებიც ჩნდება: რეალურად, შეძლებს თუ არა მედიცინა დაბერების შენელებას და ვის ექნება ამ შესაძლებლობაზე წვდომა? გახდება თუ არა ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე მხოლოდ რჩეულთა პრივილეგია, თუ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება?