ჰარი პოტერის სერიალის მსახიობი ბავშვებისთვის ცალკე სკოლა აშენდება

ჰარი პოტერის მსახიობი

 ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ჯოან როულინგის წიგნების ახალი ეკრანიზაცია, რომელსაც HBO იღებს, სავარაუდოდ, მთელ ათწლეულს გასტანს, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ბავშვი მსახიობების განათლება სტუდიისთვის პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ, სერიალში მონაწილე ბავშვებისთვის საგანგებოდ მოეწყობა დროებითი სკოლა.

ინგლისში, ჰარტფორდშირის საგრაფოში, ადგილობრივმა საკრებულომ Warner Bros.-ის სტუდიას ნება დართო, გადაადგილებადი შენობები სასკოლო დაწესებულებად გამოიყენოს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. მასობრივი სცენების გადაღებების პერიოდში, სკოლას შეუძლია 600-მდე მოსწავლე დაიტიოს, მაგრამ, ჩვეულებრივ, აქ დაახლოებით 150 ბავშვი ისწავლის. სკოლა ღია იქნება დილის 6-ის ნახევრიდან საღამოს 9-ის ნახევრამდე, რათა პატარა მსახიობებმა გადაღებების გრაფიკი, რომელიც ღამე მუშაობასაც მოიცავს, სწავლას ადვილად შეუთავსონ.

 როგორც ჩანს, ჰოგვორტსთან ერთად, სწორედ ამ ახალ სკოლაში მოუწევთ გადასვლა დომინიკ მაკლაფლინს, ალასტერ სტაუტსა და არაბელა სტენტონს, რომლებიც მომავალ სერიალში ლეგენდარულ ტრიოს — ჰარის, რონსა და ჰერმიონს — განასახიერებენ. ახალბედა მსახიობებთან ერთად კი, სერიალში შემდგარ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ, მათ შორის, ჯონ ლითგოუს (ალბუს დამბლდორი), ჯენეტ მაკტირს (მინერვა მაკგონაგელი), ნიკ ფროსტს (რუბეუს ჰაგრიდი), ჯონი ფლინს (ლუციუს მალფოი) და ბერტი კარველს (კორნელიუს ფაჯი).

 როგორც ცნობილია, ჰარი პოტერის სერიალის თითოეული სეზონი ერთი წიგნის ადაპტაციას დაეთმობა. Warner Bros.-მა პირობა დადო, რომ როულინგის ნაწარმოებს მაქსიმალურად ავთენტიკური სახით გააცოცხლებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი თავად ჯოან როულინგიცაა.

 რაც შეეხება შემოქმედებით გუნდს, სერიალზე Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის რეჟისორი, მარკ მაილოდი, იმუშავებს. პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი ფრანჩესკა გარდინერი იქნება. გარდინერს აქამდე ისეთ გახმაურებულ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Succession და Killing Eve.

ჰარი პოტერის სერიალის პირველ სეზონს, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოსთვის ვიხილავთ.