რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა - სპეციალისტის რჩევა

გველი

ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით. გველის ნაკბენი იშვიათი, მაგრამ სერიოზული პრობლემაა, რომელიც სწრაფ და სწორ რეაგირებას მოითხოვს.

რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა  - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თეიმურაზ კობიძე "რუსთავი 2-თან" საუბრობს. 

- რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა? როგორია პირველი დახმარება საველე პირობებში?

რა უნდა გააკეთოთ:

1. დააწვინეთ დაშავებული და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.

2. ჩამობანეთ ნაკბენი ადგილი წყლით, თუ გაქვთ, საპნითაც.

3. ნაკბენ ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, გააკეთეთ "ნაოჭი", ისე, რომ კბილების კვალი - ორი ნაჩხვლეტი მოექცეს მაღლა და ხელის მოძრაობით "გამოწველეთ". ჭრილობა პირს დააღებს და გამოვა სისხლნარევი სითხე - ლიმფა.  "გამოწველვა" განსაკუთრებით ეფექტურია კბენიდან პირველ 10-15 წუთის განმავლობაში.

4. უთხარით ავადმყოფს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობებისაგან  (შხამი ვრცელდება ლიმფით, კუნთების შეკუმშვა კი დააჩქარებს ლიმფის მოძრაობას და შხამის გავრცელებას.)

5. დარეკეთ 112, აუხსენით რაც მოხდა.

6. დაზუსტებით გადაეცით თქვენი ადგილსამყოფელი, თუ არის რაიმე ორიენტირი.

7. შეკითხვებზე უპასუხეთ კონკრეტულად და მკაფიოდ.

8. არ გათიშოთ 112-თან საუბარი პირველმა, შეიძლება დისპეტჩერს კიდევ ჰქონდეს შეკითხვა. ან დაადგინოს თქვენი ადგილსამყოფელი.

9. თუ გაქვთ, წაუსვით  ნაკბენი ადგილზე სპირტში ან არაყში დასველებული ნაჭერი

10. დაუფიქსირეთ ავადმყოფს ნაკბენი ადგილი არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით, (ხის ტოტები, ღობის ფიცარი და სხვ) ორი უახლოესი სახსრის ჩათვლით.

11. მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე - წყალი.

12.  რაც  შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ ავადმყოფი უახლოეს საავადმყოფოში.

13. გახსოვდეთ: გველების მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, როგორც შხამიანი, ასევე უშხამო გველის მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ საავადმყოფოში.

14. უშხამო გველის მიერ დაკბენილი რატომ უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოში, გველი ხომ უშხამო იყო?

- უშხამო გველის მიერ დაკბენილ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები, პირველი დახმარება და გაუკეთდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ანუ აიცრას ტეტანუსზე. რატომ? გველები იკვებებიან მღრღნელებით. მღრღნელები კი ტეტანუსის ენდემური კბენაა. მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც 19 წლის ბიჭი გადაურჩა კობრას ნაკბენს, მაგრამ მოკვდა ტეტანუსით (აცრა დაგვიანდა).

-არის რაიმე, რაც გველის კბენის შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს?

-1. არ გააკეთოთ კანის გრძელი "ლამპასისებური" განაკვეთები.

2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი

3. არ გააკეთოთ წრიული განაკვეთი, "არ ამოჭრათ"  ნაკბენი ადგილი

4. არ ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (პირით ამოწოვის საშუალებით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30 %, სამაგიეროდ საფრთხე ექმნება იმას, ვინც ამას აკეთებს).

5. არ დაადოთ კიდურზე ლახტი, კიდურზე არ გადაუჭიროთ ქამარი, თოკი, მავთული და სხვა.

6. არ ამოწვათ ნაკბენი ჭრილობა.

7. არ დაალევინოთ ავადმყოფს ალკოჰოლური სასმელი.

8. არ გაუკეთოთ ნაკბენ ადგილზე დამჟანგველები (კალიუმის პერმანგანატი და სხვ).