ორი ყველაზე უვნებელი მეთოდი გაყინული პროდუქტის გასალღობად - სურსათის უვნებლობის ექსპერტი

გაყინული ხორცი

გაყინული პროდუქტის სწორად გალღობა სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ორ უსაფრთხო მეთოდს ასახელებს.

ექსპერტის განმარტებით, ყველაზე უსაფრთხო მეთოდი გაყინული ინგრედიენტის მაცივარში გალღობაა — პროდუქტი საყინულიდან უნდა გამოვიღოთ, მოვათავსოთ ჭურჭელში ან საწურზე და შემდეგ მაცივარში შევინახოთ. განსაკუთრებით ხორცის შემთხვევაში, გალღობისას გამოყოფილი სითხე საწურის მეშვეობით დაიწურება, რაც ბაქტერიების გავრცელების რისკს ამცირებს.

მეორე უსაფრთხო მეთოდი პროდუქტის გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობაა, რაც შედარებით სწრაფ პროცესად ითვლება.

ირაკლი არაბული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორივე მეთოდის დროს პროდუქტს პირველადი შეფუთვა არ უნდა მოვხსნათ.

მისივე თქმით, გაყინული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე ან ცხელი წყლის ქვეშ გალღობა დაუშვებელია, რადგან ასეთ პირობებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება და პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხდება.