მცენარეები ხმებს გამოსცემენ, ცხოველები კი მათზე რეაგირებენ - კვლევა

პომიდორი

 ახალი კვლევით მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ცხოველებს მცენარეების მიერ გამოცემულ ხმებზე რეაგირება შეუძლიათ. ამ დასკვნამდე ისინი ჩრჩილებისა და მცენარეების ინტერაქციაზე დაკვირვებით მივიდნენ. ნაშრომის ავტორების განცხადებით, ასეთი ინტერაქცია შეიძლება ჩრჩილების ქცევაზეც კი მოქმედებდეს, ამის წარმოჩენა კი პირველად მოხერხდა.

კვლევით უკვე დადასტურებული იყო, რომ მცენარეები ხმებს გამოსცემენ. ეს ხმები მაღალსიხშირიანია და ადამიანები ვერ გავიგონებთ, თუმცა ზოგიერთ ცხოველს ეს შეუძლია. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ მწერები შეიძლება მცენარეთა "მეტყველებაზე" რეაგირებდნენ კიდეც და გადაწყვეტილებებს შესაბამისად იღებდნენ.

„ცნობილია, რომ ბევრ მწერს, რომლებიც მცენარეთა სამყაროსთან მრავალმხრივ ინტერაქციაში შედიან, მცენარეების ხმის აღქმა შეუძლია. გვინდოდა გაგვეგო, ასეთი მწერები მართლა თუ აფიქსირებენ ამ ხმებს და რეაგირებენ მათზე", — აცხადებსპროფესორი იოსი იოველი, ნაშრომის ავტორი და თელ ავივის უნივერსიტეტის მკვლევარი.

ამის გასარკვევად გუნდმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. ცდის ფარგლებში მდედრ ჩრჩილებს, ეგვიპტური ბამბის ხვატრებს (Spodoptera littoralis), ადგილი უნდა შეერჩიათ კვერცხების დასადებად.

ეს მდედრი ჩრჩილების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კვერცხებს ისინი უმეტესად მცენარეებზე, რომელთაც გამოჩეკის მერე ლარვები შეჭამენ. ივარაუდეს, რომ კვერცხების დასადებად ეს მწერები ოპტიმალურ ადგილს მოძებნიდნენ — ჯანსაღ მცენარეს, რომლითაც ლარვები სათანადოდ გამოიკვებებოდნენ.

თითოეული ექსპერიმენტი მინიმუმ 9-ჯერ გაიმეორეს, ყოველ ჯერზე კი სხვადასხვა ჩრჩილი მონაწილეობდა.

 

 პირველი ცდის ფარგლებში ჩრჩილებს ორი ყუთი მისცეს ასარჩევად: ერთი პომიდვრის გაუწყლოებული მცენარის ხმის ჩანაწერს უკრავდა, მეორე კი — არაფერს. ამ ექსპერიმენტში ჩრჩილებმა ის ყუთი აირჩიეს, რომელიც ხმებს გამოსცემდა. საკონტროლო ცდის ფარგლებში ხმა არცერთი ყუთიდან აღარ ისმოდა, ჩრჩილები კი ორივეს თანაბრად ირჩევდნენ. დაასკვნეს, რომ პირველ ცდაში გადაწყვეტილებას ისინი სმენაზე დაყრდნობით იღებდნენ.

მეორე ექსპერიმენტში ჩრჩილებს პომიდვრის ორი ჯანმრთელი მცენარე წარუდგინეს. აქედან ერთი მცენარე სპიკერის პარალელურად აჩვენეს, რომელიც გაუწყლოებული მცენარის ხმებს გამოსცემდა, ხოლო მეორე კი ხმებს არ გამოსცემდა. პეპლების უმრავლესობამ "ჩუმი" მცენარე აირჩია, რადგან დაზიანებაზე მიმანიშნებელი ხმები არ გაუგონიათ.

ბოლო ექსპერიმენტში ორი ყუთი გამოიყენეს. ერთი ცარიელი იყო, მეორეში კი მამრი ჩრჩილები იყვნენ. ეს უკანასკნელნი ასევე გამოსცემენ ულტრაბგერით ხმებს, რომლებიც სიხშირით პომიდვრის მცენარეებისას წააგავს. ამჯერად მდედრებმა კვერცხები ორივე ყუთზე თანაბრადდადეს.

შედეგების საფუძველზე მკვლევრები ასკვნიან, რომ ჩრჩილები კვერცხების დასადებ ადგილს ულტრაბგერითი ხმების მიხედვით არჩევდნენ, რომელთაც გაუწყლოებული მცენარეები გამოსცემდნენ.

ექსპერიმენტებით პირველად გამოავლინეს მცენარესა და მწერს შორის აკუსტიკური ინტერაქციის მტკიცებულება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია:

"მცენარეებსა და ცხოველებს შორის აკუსტიკურ ინტერაქციას ცალსახად ბევრად მეტი ფორმა და როლი აქვს. უზარმაზარი, შეუსწავლელი სფეროა", — ამბობენ კვლევის ავტორები.