გარდაცვლილი მეშახტეების ისტორიები „პრაიმტაიმში“ და სამუშაო სიცოცხლის რისკის ფასად

13:06 05-15-2017
138
თეგები: a:1:{i:0;i:2604;}

ავტორი: სალომე ჩადუნელი

9 მაისი, ტყიბული, საღამოს 6 საათი, მინდელის შახტაში ოთხი ზეინკალი სარემონტო სამუშაოებს ასრულებს, ამწევ დანადგარზე ბაგირს ცვლის. ამ საქმეს ეს ოთხი მეშახტე წლებია აკეთებს, არც ერთმა იცის, რომ ეს მათი ბოლო სამუშაო დღეა. მეშახტეებმა ბაგირის შესაცვლელად 400 მეტრის სიღრმიდან კალათის მსგავსი მოწყობილობა ამოიტანეს, ერთი მშველელი შეუყუდეს, კალათზე დადგნენ და ბაგირის შეცვლა დაიწყეს. სამუშაოს დასრულების ბოლოს, როდესაც ბაგირის დამჭერები დაამაგრეს, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მშველელი გაცურდა, ამოტრიალდა, ჩაიღუნა. კალათის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით 7 ტონას იწონის და 400 მეტრი სიღრმიდან 7-8 ტონა ქვანახშირი ამოაქვს, ჩავარდა და ოთხი მეშახტე, რომელიც მასზე იდგა, 400 მეტრ სიღრმეში ჩაიყოლა. დანაწევრებული ცხედრების ამოყვანა მთელი ღამის მუშაობის შემდეგ, დილით მოხერხდა.

სამუშაოს შესრულების დროს დაღუპული ოთხი მეშახტის ვინაობა ცნობილია. „თავისი საქმის პროფესიონალები“ – ასე ახასიათებენ მეგობარი მეშახტეები გარდაცვლილებს: ალეკო ჭელიშვილს, ვიქტორ დაღუნდარიძეს, გიზო გუბელაძესა და გიზო კუბლაშვილს.

„პრაიმტაიმი“ შემთხვევის მეორე დღეს ტყიბულში ჩავიდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გაესაუბრა. ჩვენ შევეცადეთ, გარდაცვლილი მეშახტეების შესახებ ქალაქში მოგონებები შეგვეკრიბა და თქვენთვის გაგვეცნო.

ერთ-ერთი გარდაცვლილი 44 წლის ალეკო ჭელიშვილია. მას მეუღლე და ერთი ნანატრი შვილი დარჩა, 4 წლის. 11 წელი ელოდა, მამა გახდა, თუმცა მამობის გაწევა ვერ შეძლო.

შახტაში 25 წლის განმავლობაში მუშაობდა და ოჯახს ამით არჩენდა. სხვა შემოსავალი, ტყიბულელების თქმით, ქალაქში არც არსებობს და ყველა, დიდი თუ პატარა, მიუხედავად საფრთხისა, შახტაშია დასაქმებული.

ალეკო ჭელიშვილის ახლობელი: „არის იმის საშუალება, რომ ვარჩიოთ, სად ვიმუშავებთ? სადაც პურის ფულს ვიშოვით, რომ შვილები გამოვკვებოთ, იქ ვმუშაობთ. სად არის ასარჩევად სამსახური? კაცი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ მის ცოლ-შვილს არ მოშივდეს და ავადმყოფ დედას წამალი უყიდოს, ყველაფერზე წავა, ალბათ“.
მეორე გარდაცვლილი მეშახტის გიზო კუბლაშვილის მეუღლე საქართველოში თურქეთიდან იმ დროს ბრუნდებოდა, როდესაც ჩვენ მის ოჯახში მივედით. ახლობლებმა გვითხრეს, რომ მან არაფერი იცოდა. უთხრეს, რომ მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ასე მოტყუებით წამოიყვანეს.
გიზო კუბლაშვილის ახლობელი იხსენებს, რომ შახტაში მუშაობის დაწყებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უშედეგოდ.
„არ გინდა, შვილო, შახტაში-მეთქი. მეშინოდა შახტის. მე თუ მოვკვდები, ანგელოზივით შვილებს ვტოვებო. – ასე მითხრა“, – იხსენებს გიზო კუბლაშვილის სიდედრი.
გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა, 27 წლის ნანა და 33 წლის დათო. ისიც მინდელის შახტაში მუშაობს და ოჯახს ამით არჩენს.
გიზო გუბელიძის შესახებ მისი 19 წლის შვილი ფირანი გუბელიძე გვიყვება. ის მამასთან ერთად მუშაობდა შახტაში და მისგან ბევრს სწავლობდა. შახტაში მუშაობს გიზო გუბელიძის მეუღლეც.

ფირანი გუბელიძის თქმით, მამამისი სიკვდილს ერთხელ გადაურჩა.
„დენმა მიიკრა, სახეზე სულ დამწვარი იყო. იმდენად პროფესიონალი იყო, თავისი თავის იმედი ჰქონდა“, – ამბობს ფირანი გუბელიძე.

რაც შეეხება 57 წლის ვიქტორ დაღუნდარიძეს, მას მეუღლე, ორი შვილი და პატარა შვილიშვილები დარჩა. უკვე აღარ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ მისი ვაჟიც შახტაში მუშაობს.

მეუღლე მანანა ობოლაძე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ საინტერესო დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ვიქტორს გაზეთების კითხვა, თევზაობა და ბუნება განსაკუთრებით უყვარდა.

„ჩემმა შვილმა დაიწყო მუშაობა და იმის ჯავრი მაქვს. ღმერთო, რომ ჩავა შახტაში, ამომიყვანე“, – ამბობს გარდაცვლილი დაღუნდარიძის ოჯახის ახლობელი.
4 მეშახტის გარდაცვალების ამბავი მინდელის შახტაში პირველი შემთხვევა არ არის.
ტყიბულის შახტში 2009 წლიდან დღემდე [10.05.2017] 24 ადამიანი დაიღუპა. 19-მა ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. ყველაზე დიდი დანაკარგის წელი 2010 იყო, როცა ერთი წლის მანძილზე მაღაროში 8 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. 2011 წელსაც 5 ადამიანი დაიღუპა 400 მეტრის სიღრმეში მომხდარი აფეთქების დროს.

„ტყიბულში არის ომი, გუშინ გამარჯვებას ვზეიმობდით და დღეს ვგლოვობთ“, – გვეუბნებიან ტყიბულელები და გვთხოვენ, დავინტერესდეთ იმ რეალობით, რაც შახტაში ხდება.
4 მეშახტის გარდაცვალებამ მეშახტეებს მოთმინების ფიალა, 2016 წლის მარტის მასიური გაფიცვის შემდეგ კიდევ ერთხელ აუვსო და ისინი შრომის იმ პირობებზე აალაპარაკა, რომელშიც ყოველდღიურად უწევთ მუშაობა.

„4 ადამიანი 0 ჰორიზონტიდან 400 მეტრის სიღრმიდან „ცელოფნის“ პარკებით ამოიტანეს, დანაწევრებულები. აი, ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა“, – ამბობს მეშახტე ლევან ბეშკენაძე.
მას სხვა მეშახტეებიც ეთანხმებიან და შრომის პირობების არარსებობაზე ჩივიან. ისინი პასუხისმგებელ პირებს ყურადღებასა და შრომის ქმედითი ინსპექციის ჩამოყალიბებას სთხოვენ.
ლევან ბეშკენაძე, მეშახტე:
„ამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მარტივად გადარჩებოდა, ხელისუფლების ნება რომ ყოფილიყო და ქვეყნის. შრომის ინსპექციას ის უფლებები უნდა ჰქონდეს, რაც აქვს ევროპაში. ამ ადამიანებს დიდი შანსი ექნებოდათ გადარჩენის. არა მგონია, შრომის ინსპექტორებს ის ადგილი ჰქონდეთ ნანახი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ამ ორგანოს რომ საკუთარი უფლებები ჰქონდეს, ყველა ადგილზე ჩავიდოდნენ, ბრძანებებსა და რეკომენდაციებს გასცემდნენ “.
გიორგი მიგინეიშვილი, მეშახტე, პროფესიული კავშირის წევრი:
„პასუხისმგებლობა უსაფრთხოების სამსახურსა და მთავრობას ეკისრება. წლებია უკვე ვითხოვთ ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, არ ვიცით. ამ ადამიანებს შრომის ინსპეწციის შემთხვევაში 1% მაინც ექნებოდათ გადარჩენის შანსი. დამცავი ღვედები ეკეთებოდათ, გამაგრებული იქნებოდა და არ ჩავარდებოდნენ“.
ტყიბულის შახტა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტადაა მიჩნეული. ეს ნიშნავს, რომ იქ მუშაობა იმთავითვე რისკია. იმ მეშახტეებს კი, რომლებიც შემოსავლის გამო სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, საშუალოდ, სულ რაღაც, 500 ლარს უხდიან. „საქნახშირის“ წლიური ბრუნვა კი 33 მილიონი ლარია.

შპს „საქნახშირის“ მფლობელი შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია“. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშის მიხედვით, ინდუსტრიული ჯგუფი, „საქნახშირის“ გარდა, ფლობს: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, შპს „მტკვარი ენერჯის“, შპს „სიპაუერს“, უძრავი ქონების მართვის კომპანია „ტიფლის სითის“, შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანას“, სს „ქართული ლუდის კომპანიას“, შპს „გლობალტრანსს“, „ნეოგაზს“, „ევროპული სკოლა“, სს „ქართული ლუდის კომპანია“, „კიოტო“, შპს „გლობალ ტრანსი“, შპს „საქინვესტი“, შპს „ინდუსტრია კირი“.

„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ კი ფლობს მარშალის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“, რომელსაც კომპანიის ვებგვერდზე, 2015 წელს განთავსებული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, მართავს და განაგებს საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი.

დავით ბეჟუაშვილი 9 მაისს, ტრაგედიის დღეს შახტაში იმყოფებოდა. შემთხვევა მისი წამოსვლიდან ნახევარ საათში მოხდა. დავით ბეჟუაშვილი მინდელის შახტაში აღარ გამოჩენილა. მეშახტეები ბეჟუაშვილზე უარყოფითად საუბრობენ.

მირიან იმედაძე, მეშახტე: „რაში აინტერესებს ბეჟუაშვილს, მეშახტე რას აკეთებს, როცა შახტით მილიონებს შოულობს?“.

მიუხედავად იმისა, რომ 4 მეშახტის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია და გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევით სიცოცხლის მოსპობა/გამოწვევის მუხლით მიმდინარეობს. პროფესიული კავშირების წარმომადგენლები გამოთქვამენ ეჭვებს, რომ 4 მეშახტე არა უბედურ შემთხვევას, არამედ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვას ემსხვერპლა.

თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი:
„მაინტერესებს, არსებობს თუ არა წერილობით გაფორმებული დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება განწესდაშვება, სადაც აღწერილია შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი და ინფორმაცია სამუშაო ადგილის მომზადების შესახებ. ამ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უშუალოდ იმ საქმეზე შესაბამისი წარმომადგენლები და ასევე, მაინტერესებს, ჰქონდათ თუ არა დამზღვევი დამცავი საშუალებები გარდაცვლილებს. ყველანაირი სამუშაოს დროს შეიძლება მოხდეს საწარმოო შემთხვევა, მაგრამ ამ დროს უნდა იყვნენ დაცული ალტერნატიული საშუალებით. მაგალითად, დამცავი ღვედით, რომლითაც შესაძლოა, მუშები ყოფილიყვნენ დაკიდებული ამწევი დანადგარისგან დამოუკიდებელ კონსტრუქციაზე, რომლითაც ისინი გადარჩებოდნენ. ეს ყველაფერი კვლევის საგანია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო ადგილი სარემონტო სამუშაოებისთვის მომზადებული არ იყო“.

მეშახტეები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ შახტაში დამცავი ღვედები არსებობდა.
„ეს ღვედები თურმე არსებობს, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეს წლებია ასრულებენ, ეს ღვედი არც ერთხელ არ გამოუყენებიათ, არავინ არ მიუთითათ, რომ ამას უნდა ჰქონოდა ოთხი გამაგრება, რომ ეს უბედური შემთხვევა არ მომხდარიყო. ასეთი ბევრი დარღვევაა და ამაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“.

ჯერჯერობით, გამოძიების დასრულებამდე, მომხდარში ვინმეს დადანაშაულება არასწორია, თუმცა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმებზე საუბარი აუცილებელიც კია. თუნდაც ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ღვედები ობიექტზე არსებობდა, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა, უკვე აჩენს ეჭვს, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ შემოწმება არაჯეროვნად ხორციელდება.

ტყიბული მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტია, ამიტომ მასზე ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენცია ვრცელდება. ორგანო პასუხისმგებელია, ასეთი მომეტებული საფრთხის ადგილებში ტექნიკა-დანადგარების უსაფრთხოება შეამოწმოს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ტყიბულის შახტაში სააგენტოს მუშაობით დაინტერესდა და 2010-დან 2015 წლის ჩათვლით მოკვლევა ჩაატარა.
ლინა ღვინიანიძე, EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი:
„დავინახეთ, რომ ამ წლების განმავლობაში ტყიბულში სააგენტოს რამდენიმე შემოწმება-ინსპექტირება აქვს გაკეთებული და რამდენიმე ათეულობით დარღვევა აქვს გამოვლენილი. მათ შორის სააგენტო მიუთითებს იმაზე, რომ მან ტყიბულში არაერთხელ გამოავლინა კრიტიკული ხარისხის შეუსაბამობები. ეს არის ტექნიკური შეუსაბამობის ისეთი კატეგორია, რომელიც დაუყოვნებლივ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სააგენტოს საქმე არ ამოწმებს დასაქმებულების უსაფრთხოებას, თუმცა გარკვეულწილად მისი საქმიანობა ამასაც ირიბად შეეხება“.

უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების მოსაგვარებლად რამდენიმე მეთოდი გამოიყენა. მათ შორის დაჯარიმება და კონკრეტული დანადგარის მუშაობის შეჩერება.

ლინა ღვინიანიძის თქმით, „სააგენტოს ყველაზე დაბალი ჯარიმა კომპანიის მიმართ 100 ლარიც გამოუყენებია და ყველაზე მაღალი – 9900 ლარიც. რამდენჯერმე შეჩერებული აქვს მანქანა-დანადგარის მუშაობა. თუმცა ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ფუნქციონირებს და აქვს დაჯარიმებისა და შეჩერების მანდატი, ეს მუშაობა ეფექტიანად არ ჩაითვლება იმიტომ, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიღუპა 25-მდე და დასახიჩრდა 20-მდე ადამიანი“.

ლინა ღვინიანიძე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს საჯარიმო და შრომის ზედამხედველობის სისტემის დახვეწაზე. მისი პოზიციით, ჯარიმა უნდა იყოს ისეთი, რომელიც ბიზნესს გარკვეულწილად ტკივილს მიაყენებს, ხოლო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ქმედითი უნდა გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს შრომის ინსპექცია არსებობს, ის ქმედითი არ არის და არ გააჩნია ბერკეტები, რომლითაც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. ამაზე მეტყველებს შრომის ინსპექციის შექმნის დღიდან, ანუ 2015 წლიდან, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა.

2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული, 2015 წელს – 42, 2014 წელს – 45, 2013 წელს – 23, 2012 და 2011 წელს კი – 48 და 54 ადამიანი.
შრომის ინსპექტირების არსებულ მექანიზმს რამდენიმე მნიშვნელოვანი ე.წ. „შავი ხვრელი“ აქვს, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებსა და საწარმოო პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

უფრო კონკრეტულად ინსპექტირების მექანიზმს არ აქვს დაშვება დასაქმების ადგილებზე, საწარმოსგან წინასწარი თანხმობის გარეშე. მისი უფლებამოსილება არ ფარავს შრომის უფლების სრული სპექტრის შემოწმებას და ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაცია არ არის საწარმოსთვის შესასრულებლად სავალდებულო.

თუ არასამთავრობო სექტორი, მეშახტეები და პროფესიული კავშირები გამოსავალს ეფექტურ შრომის ინსპექციაში ხედავენ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოსავალს მხოლოდ შრომის ინსპექციაში ვერ ხედავს.

აკაკი ზოიძის თქმით, შრომის ინსპექცია არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს:
„საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რომ შრომის ინსპექცია არის პანაცეა და ის ყველაფერს მოაგვარებს. ამ თემაზე სპეკულაციის აგება არაკორექტულ და ამორალურ მოქმედებად მიმაჩნია. მხოლოდ ინსპექცია პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ უსაფრთხოების შესაბამისი მექანიზმები არ არსებობს, თუ სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს, თუ დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო არ არის, თუ არ ხდება მეწარმეების სტიმულირება, რომ მათ სამუშაო ადგილი შექმნან და უსაფრთხოებაც დაცული ჰქონდეთ. არის ინიციატივა, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს უფრო მაღალი სტანდარტები მოვთხოვოთ და ისეთ კომპანიებს, სადაც შრომის უსაფრთხოება მასობრივად ირღვევა, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მივაღებინოთ“, – ამბობს ზოიძე.

სამწუხაროა, მაგრამ მსხვერპლი ხშირად, სხვა დასაქმებულების გადარჩენის წინაპირობა ხდება ხოლმე. სახელმწიფომ უკვე დადო პირობა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება და შრომის ინსპექტირების ქმედითი მექანიზმიც ამოქმედდება. ჩვენ იმედს ვიტოვეთ, რომ პირობა პირობად არ დარჩება და ტყიბულელებს ოჯახის წევრების შახტაში გაშვების აღარ შეეშინდებათ.

ავტორი: თეონა აბესაძე