გაბრენდებული ქართული ბრენდის დღე 2016

13:52 12-19-2016
105

ავტორი:თეონა აბესაძე

საუკეთესო ეროვნული ბრენდების გამოსავლენად  ყოველწლიური კონკურსი და დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი წარმატებით სარგებლობს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. უკვე 14 წელია, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „პროფილი“ ქართულ კომპანიებს „ქართული ბრენდის“ სტატუსს ანიჭებს. „ქართული ბრენდის დღე 2016“-ის  ფარგლებში გამოავლენს ახალ გამარჯვებულ კომპანიებსა თუ კერძო პირებს. პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციასა და განვითარებას, შიდა და გარე ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობას, ქართული ბრენდების წარმოჩენას, საქართველოში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

„ქართული ბრენდის დღის“ ღონისძიება ახალ სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ 22 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების სამზადისის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელს მანანა გეგიძეს ესაუბრა:

– „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 14 წელია, არსებობს, რაც მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით ყოველთვის განსხვავებულია, იზრდება და ვითარდება. ბუნებრივია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებაში და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება.

– წელს პროექტის ფარგლებში რაიმე სიახლე ხომ არის?
– რა თქმა უნდა, „ქართული ბრენდის დღის“ პროექტში სიახლე გვაქვს. გაზაფხულიდან „ქართული ბრენდის დღე“ უცხოეთში გადის და სამ ქვეყანასთან უკვე გვაქვს მოლაპარაკება. ეს ქვეყნებია: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გველოდებიან. უცხოეთში „ქართული ბრენდის დღე“, თავის გამარჯვებულ ბრენდებთან ერთად, თავისი ხელწერითა და ორიგინალურობით იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ამისთვის მზად არის და დროულია „ქართული ბრენდის დღის“ უცხოეთში გატანა.
– წელს რა ნომინაციებში გამოავლენთ გამარჯვებულებს?
– ქართული ბრენდის დღის უცვლელი ნომინაციებია: „ლიდერი“, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ტელეპროექტი, ახალი ქართული ბრენდი, წლის პერსონა.
– ნომინაცია „ახალ ქართულ კომპანიებზე“ რას გვეტყვით და  როგორ ხდება მათი შერჩევა?
– ახალ კომპანიებს მათი საქმიანობიდან გამომდინარე ვავლენთ. ახალი კომპანიები ექსპერტული ჯგუფისა და ჩვენი შეხედულებისამებრ შევარჩიეთ. ასევე, წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიები განაცხადს აკეთებდნენ. მაგრამ წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიაზე რომ წარმოგვედგინა, შევისწავლეთ მათი მუშაობა, ვეწვიეთ ადგილზე, გავეცანით სამომავლო გეგმებს, ვნახეთ მათი პროდუქცია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით წარვადგინეთ საპრეზენტაციო ჭრილში „წარმატებული ახალი ქართული ბრენდის“ ნომინაციაში. ვფიქრობ, ეს ბლოკიც საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება.

– ძირითადად რომელი ახალი ქართული კომპანიებია წარმოდგენილი  პროექტის ფარგლებში?
– ქართული ხორბლის პურის მწარმოებელი კომპანია „მზეთამზე“, ასევე, საქართველოში სასტუმროების ბიზნესი წარმატებულად ვითარდება. შემიძლია აღვნიშნო „ვარძია რეზორტი“, ასევე, გამოვყოფ „ატელიე 27“-ს, რომელმაც ქართულ ბაზარზე წარმატებით დაიწყო მოღვაწეობა. მინდა აღვნიშნო პრეპარატი „გულის ელექსირი“, რომელიც არის ქართული ბრენდი. ასევე, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, რომელმაც „წარმატებული ახალი ქართული ბრენდიდან“ ახალ ნომინაციაში გადაინაცვლა.
– თქვენთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, რომელი ქართული ახალი კომპანია იყო აღმოჩენა?
– ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენა იყო ქართული ხორბლის პურის მწარმოებელი კომპანია „მზეთამზე“, რომელიც ენდემური ჯიშისგან ამზადებს პურს. ეს არის ქართული ჯიშის ხორბალი და მისგან დამზადებული პური. ასევე, „მზეთამზეს“ გურიაში ენდემური ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების ფერმები აქვს. შესაბამისად, ეს პროდუქცია ქართულ ბაზარზეც გაიყიდება. ვფიქრობ, რომ ეს არის ეროვნული საქმე და ბუნებრივია, ეს ადამიანები „ქართული ბრენდის დღის“ ნომინანტები არიან.
– წელსაც თუ არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ლიდერობას არ თმობენ?
– რა თქმა უნდა, ლიდერობას არ თმობს „PSP“-ს ფარმაცევტული კომპანია, რადიო „ფორტუნა“, სილამაზის სალონების ცენტრი „ნატალი“, ასევე, სამშენებლო კომპანია „დაგი“, რომელიც წელს გახდა ლიდერი.

მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით პროექტის გენერალურ „სპონსორს“ – „Sales Partner”-ის,დამფუძნებელი და გენერალური დირექტორ სერგო ავსაჯანიშვილს მადლობა ვუთხრა. სპონსორები არიან, ასევე, კონსტანტინე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, რესტორანი „შარბათი“. თქვენი გაზეთის მეშვეობით მათ მადლობას ვუხდი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს „პროფილის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, საკონსულტაციო  ჯგუფის ხელმძღვანელის, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „ქართული ბრენდის“ მთავარი რედაქტორის, ელგუჯა მარღიას თქმით, პროექტის არსებობის მანძილზე, დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად ქართული ბრენდის დღე წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა.
„ეს არის წინასაახალწლო დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გრანდიოზული მასშტაბისაა. „ქართული ბრენდის დღემ“ თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი კომპანია გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში. თუმცა ბრენდად არა მარტო კომპანიები ყალიბდებიან, არამედ თვითონ პიროვნებებიც, რომლებიც ეპოქას ქმნიან. ჩვენც ასეთ ეპოქალურ ადამიანებს გადავცემთ ჯილდოებს, თუმცა წლევანდელი „ბრენდ პერსონის“ ტიტულის მფლობელის ვინაობას საიდუმლოდ დავტოვებთ. თუმცა, ის დამსახურებულად იქნება წარდგენილი ნომინაციაზე.
ჩვენ გვაქვს სერიოზული ბიოგრაფია, ისტორია და ამითაც არის გამორჩეული „ქართული ბრენდის დღე“, რომელიც ქართული ბრენდის განვითარებას ემსახურება. „ქართული ბრედის დღის“ 14-წლიანი ისტორია პროექტის წარმატებაზე მეტყველებს“, –  ამბობს მარღია.
პროექტის გენერალური მენეჯერის ავთო ჩიტიძის განმარტებით, ქართული ბრენდის დღის რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია განსაკუთრებულია.
„ყოველი წელი გამოირჩევა თავისებურად. თუ წინა წლებში ახალი კომპანიები და ახალი სახეები იყო ბიზნესში, წელს უფრო გამოკვეთილად არიან „ლიდერი“ და „ნდობა-რეპუტაცია“ კატეგორიაში. ის  კომპანიები, რომლებიც წლებია, არსებობენ ქართულ ბაზარზე, სულ უფრო მეტ პოზიტივს იძენენ, რათა თავიანთი მომხმარებლის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურონ. ბუნებრივია, ლიდერი კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ლიდერობა შეინარჩუნონ. გარკვეულწილად, ამ პროექტით წლის ბოლოს ხდება ქართული ბიზნესის ერთგვარი შეფასება-დათვალიერება. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ახალ კომპანიებს. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც უკვე იანვრის ბოლოდან ჩაეშვება ინტერნეტში. ვაკეთებთ პორტალს Brendnews.ge, რომელიც იქნება მთელი წლის განმავლობაში ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის მაჯისცემა. პორტალი ყველაფერს მოიცავს, რაც დაკავშირებული იქნება ბიზნესთან, ეკონომიკასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. ვიმედოვნებ, რომ Brendnews.ge მომავალი წლის „ქართული ბრენდის დღეზე“ სხვა შედეგებს დახატავს“, – ამბობს ჩიტიძე.

“ქართული ბრედის დღის” გენერალური სპონსორი არის კომპანია “SALES Partner”. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის სერგო ავსაჯანიშვილის თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღება დიდი პატივია.
„SALES Partner, სულ რაღაც, 9 თვეა დაარსდა. დაარსების დღიდანვე სწრაფი ტემპებით ვიზრდებით და ვვითარდებით. რაც შეეხება „ქართული ბრენდის დღეს“, ის უკვე დამკვიდრდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. მიგვაჩნია, რომ უკვე იმ წარმატებულ კომპანიათა რიგებში ვართ, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, ამიტომ გვსურს, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცნობადი გავხდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული კომპანიების განვითარებაში. „ქართული ბრენდის დღე“ საშუალებას მოგვცემს, პირადად გავეცნოთ როგორც სტარტაპებს, ასევე ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ ბრენდებსაც. მიგვაჩნია, რომ მათთვის საინტერესო პროდუქტი გვაქვს, რომელიც დღესდღეობით ნებისმიერ სფეროში მოღვაწე კომპანიას სჭირდება, ამ დღეს კი მოვახერხებთ როგორც მათი, ასევე ჩვენი სურვილების რეალიზებას“, – ამბობს ავსაჯანიშვილი.

ავტორი: თეონა აბესაძე