ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე – დიახ, დღეს მეც ლევან მურუსიძე ვარ

14:56 02-01-2016
51

დიახ, დღეს მეც ლევან მურუსიძე ვარ, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა და განაცხადა, რომ არასამთავრობოების მხრიდან საპროტესტო აქციები ხელს უშლის დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებას.

იგი გამოეხმაურა ქობულეთიდან ჩამოსული მოქალაქეების პროტესტსაც.

“ლევან მურუსიძე დაინიშნა 38 ღირსეულ მოსამართლესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენთან ერთად დამოუკიდებელ სასამართლოს. ქობულეთიდან ჩამოსულმა ბრალდებულის ახლობლებმა მკვლელი მიწოდეს. წელიწადნახევარია გვლანძღავენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოიყვანა ეს ხალხი და აჩვენა, რომ მეც ვარ ლევან მურუსიძე. დიახ, დღეს მეც ვარ ლევან მურუსიძე. ეს არაერთხელ მითქვამს, მათ შორის, სოციალურ ქსელში. ასევე ვარ ევა გოცირიძე, ასევე ვარ კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია, რომლებიც თურმე იმიტომ უნდა გავუშვათ, რომ მათ არ მოსწონთ. ცოტა ხნის წინ განვიხილე საქმე, სადაც სამი ბრალდებულიდან 2 ყაჩაღი გავუშვი. თავისუფალი და დამოუკიდებელი რომ არ ვიყო, ამას ვერ ვიზამდი. თავის დაცვა გვიწევს იმის გამო, რომ ვიღაც მხარე გამოდის და ამბობს, რომ ალანია, მე და სხვები მურუსიძეები არიან. მათ არ გააჩნიათ იმის არგუმენტი, რატომაც ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას, – განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძეც, რომელმაც არასამთავრობოებს მოუწოდა, რომ თუკი პოლიტიკაში მოსვლა აქვთ განზრახული, არა სასამართლოს, არამედ სხვა თემებით მოახდინონ მანიპულაცია.

“რა უნდათ იუსტიციის საბჭოსთან და სასამართლოსთან, რით ვერ გაიგეს, რომ ახლა საქართველოში არის ეტაპი, როდესაც სასამართლო დამოუკიდებელი ხდება, უკვე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ძალიან კარგია. რად უნდათ, რომ უკან გადავდგათ ნაბიჯი. მარტო იმიტომ, რომ ლევან მურუსიძეს ხმა მივეცით? იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამით დამოუკიდებლობა გამოავლინა. ამათ უნდა გააცნობიერონ, რა უნდათ, თუ უნდათ ნორმალური ქვეყანა, თავი დაანებონ სასამართლოს. არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც გარედან გვიკარნახებენ. თუ პოლიტიკური აქტივობის დაწყება სურთ, ნუ ცდილობენ წყლის ამღვრევას და ამ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას სასამართლოს ლანძღვით, უამრავი სხვა თემაა და მასზე გაამახვილონ ყურადღება”, – განაცხადა შოთა გეწაძემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა კი მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისადმი გვერდში დგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იმ დონეზე მივიდა არასამთავრობო სექტორი, რომ მოსამართლეებს პროკურატურაში საჩივრებით ემუქრება. აქედან გამომდინარე, გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ თითოეული მოსამართლე გვერდში უნდა დაუდგეს საბჭოს წევრებს.

ავტორი: